თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვაჟა-ფშაველას სახელობისა, ქართული დრამატული თეატრი თელავში, რ-ის ტრადიციები ჯერ კიდევ XVII ს. II ნახევრიდან იღებს სათავეს სასკოლო-საეკლ. და ერეკლე II-ის სასახლის კართან არსებული თეატრების წარმოდგენებით. 1866 თეატრმა პირველ სპექტაკლად უჩვენა გ. ერისთავის „გაყრა". იმავე წელს დაიდგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში". მუდმივ თეატრ. დასს კი საფუძველი 1880-იდან ჩაეყარა. ამავე პერიოდში თეატრში ოპერეტაც კი დაუდგამთ (ჟ. ოფენბახის „მეჯლისი იტალიელებით"). XX ს. დასაწყისში თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მსახიობები: ნ. გაბუნია, ვ. აბაშიძე, ა. ცაგარელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, ვ. გუნია, ა. იმედაშვილი და სხვ. 1887–91 თელავის თეატრ. სპექტაკლებში მონაწილეობდა ა. ყაზბეგი (ა. მოჩხუბარიძისა და ა. მოხევის ფსევდონიმით) და ე. ჩერქეზიშვილი (1917). პროფ. თეატრი თელავში გაიხსნა 1931–32 სეზონზე.
1931 თელავის სახ. თეატრს მიენიჭა სახელმწ. თეატრ. სტატუსი. ხელმძღვანელად დაინიშნა ვ. გარიკი (ვაჩნაძე). ამ პერიოდში თეატრ. დასში ირიცხებოდნენ: ძმები ს. და ბ. ზაქარიაძეები, პ. ახვლედიანი, თ. ბურბუთაშვილი, გ. პაპოშვილი, დ. მდივნიშვილი და სხვ. 50-იანი წლებიდან თეატრის სპექტაკლებში ხშირად მონაწილეობდნენ ვ. ანჯაფარიძე, ვ. გოძიაშვილი, შ. ღამბაშიძე, აქვე ხანგრძლივად მუშაობდა ე. ვერულაშვილი. 1990 თეატრს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელი, ხოლო 2003-იდან – აკად. თეატრ. სტატუსი. სხვადასხვა წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები: მ. ხერხეულიძე, მ. იარალი, გ. რობაქიძე. ა. ყიასაშვილი, ს. მებურიშვილი, გ. როსება, ბ. გამრეკელი, ნ. იონათამიშვილი, მ. ბესტავაშვილი, ნ. გოძიაშვილი, რ. ქართველიშვილი, შ. ბასილაშვილი, ვ. მაღალაშვილი, ნ. ხატისკაცი, ლ. პაქსაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ა. ქანთარია და სხვ. 2010–12 თეატრის მმართველი იყო დ. სხირტლაძე.
1982–83 სეზონში ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" დადგა რეჟისორმა ჰ. ვედეკინდმა. თეატრის დადგმებიდან აღსანიშნავია: უ. შექსპირის „ოტელო", კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა", პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება", „კრაზანა" (ე. ვოინიჩის მიხედვით), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი", ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და „მზიანი ღამე", რ. ჯაფარიძის „ჯარისკაცის ქვრივი", ვ. ჰიუგოს „მარია ტიუდორი", მ. ლერმონტოვის „მასკარადი", ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი", მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი", პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", „ნახვის დღე", „სურათები საოჯახო ალბომიდან" და „ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო", გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა", ო. მამფორიას „იეთიმ გურჯი", რ. ინანიშვილის „ჩემი წყალ-ჭალის ხმები" და „ალალე", ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", გ. დოჩანაშვილის "თავფარავნელი ჭაბუკი", ჟ. ანუის "ქურდების მეჯლისი" და სხვ. თეატრის დასში ირიცხებიან (2017) მსახიობები: თ. ხუნაშვილი, ი. იანტბელიძე, ნ. კურტანიძე, ზ. ლომიძე, ვ. ფეიქრიშვილი, გ. გელაშვილი, ნ. ხუმარაშვილი, ო. აღნიაშვილი, ნ. არავიაშვილი, კ. ქართველიშვილი, ლ. ჯალიაშვილი, დ. ნაცვლიშვილი, ი. შუშანაშვილი, ე. თავდიდიშვილი; ტექ. რეჟისორი – მ. ძამუკაშვილი; მხატვარი – ლ. როსტომაშვილი; მთ. რეჟისორი – გ. ჩაკვეტაძე, ე. ბაბილაშვილი, მ. აბრამიშვილი, ბ. სონღულაშვილი, ა. ცინკვერაშვილი, მ. მაისურაძე, ე. პაპუნაშვილი, დ. ბუნაშვილი, ე. ნერსესოვი, ლ. წიფლაშვილი; სამხატვრო ხელმძღვანელი – პ. გულიაშვილი.
ლიტ.: ზ უ რ ა ბ ი შ ვ ი ლ ი მ., თელავის თეატრი, თბ., 1984.
მ. გოგოლაშვილი
შ. ცუცქირიძე