თელავის სურათების გალერეა, ქ. იაშვილის სახელობისა, დაარსდა 1963 ექიმ-კოსმეტოლოგ ქეთევან იაშვილის პირადი კოლექციის ბაზაზე, რ-იც მან უსასყიდლოდ გადასცა თელავის ისტორიულ მუზეუმს. კოლექცია განთავსდა მონადირეთა კავშირის შენობაში, სადაც ის გაიხსნა კიდეც იმავე წელს ქ. იაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით. 1974 მუზეუმს გადაეცა თელავის II საშ. სკოლის შენობა („ბატონის ციხის" დას. ნაწილში), სადაც 1977 კოლექციამ სამუდამოდ დაიდო ბინა. 2011–12 წლებში თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად შენობა დაანგრიეს. ახალი შენობა მშენებლობის პროცესშია.
თ. ს. გ-ში ძირითადად თავმოყრილია ქართ., რუს. და ევრ. სამხატვრო სკოლების მნიშვნელოვანი ორიგინალები; მათი ძირითადი ნაწილი გამოფენილია სტაციონარულ ექსპოზიციაში, ნაწილი კი ფონდში ინახება. ექსპოზიციაში გამოფენილი ფერწერული ტილოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართ. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გ. გაბაშვილის სურათები: „ალავერდობა", „ნატიურმორტი", „აღმოსავლეთის ბაზარი"; ლ. გუდიაშვილის „XII საუკუნე"; ე. ახვლედიანის „ალაზნის ველი", „ფიქრის გორა", „ძველი თელავი"; დ. გველესიანის „ავტოპორტრეტი"; ი. თოიძის „ქალის პორტრეტი", „ფშაველი ქალი"; რუსი ფერმწერების: ი. აივაზოვსკის „ზღვის პეიზაჟი"; ი. კრამსკოის მიერ შესრულებული პორტრეტები; ი. კლევერის პეიზაჟები; ძმების კ. და ვ. მაკოვსკების „საოჯახო პორტრეტი"; ვ. მაკოვსკის „შეხვედრა" (ეტიუდი); ვ. პალენოვის „შვეიცარიის პეიზაჟი"; გერმ. მხატვრის კ. პილოტის „მეფე ლუი XVII იაკობინელების ტყვეობაში"; XVIII–XIX სს. უცნობი ევრ. ოსტატების მიერ შესრულებული სურათები, რ-თა შორის ჭარბობენ ჰოლანდ. და იტალ. მხატვრები. ფერწერული ტილოების გარდა, ექსპოზიციაში წარმოდგენილია უნიკალური ნივთები: „რომის ხედები" (მოზაიკა), „გატის ქვა" თევზის თავის ფორმისა, „იაპონური ღმერთი" (ბრინჯაო), იაპონური იატაგანი (ვადა სპილოს ძვლის), „მადონა ყრმით" (სპილოს ძვალი) და სხვა მრავალი.
გ. ბატიაშვილი
თ. მახათელაშვილი