თელათგორის არქეოლოგიური ძეგლები

თელათგორის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენოვანი გორა-ნამოსახლარი, ნაქალაქარი და სამაროვანი სოფელ თელათგორში, მდ. კავთურის (მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში (გაითხარა კასპის რ-ნის ექსპედიციის მიერ 1976–89 წლებში). ნამოსახლარი გორა, ე. წ. საფუზრების გორა, ამოზიდული ტიპისაა. ზედაპირულად აკრეფილია გვიანბრინჯაოს ხანიდან ანტ. ხანამდე ყველა დროის თიხის ჭურჭლის ნატეხები. გორანამოსახლარს სამხრეთიდან ეკვრის ნაქალაქარი (ფართ. დაახლ. 15 ჰა). დადასტურებულია 3 კულტ. ფენა: I – გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის (ძვ. წ. XIII–VIII სს.) ორმოსამარხები. გაითხარა გრუნტში ჩაჭრილი ოვალური ფორმის 11 სამარხი, სადაც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე ძლიერ მოხრილი კიდურებით. ჩატანებული ჰქონდათ ლეგად გამომწვარი და შავად გაპრიალებულზედაპირიანი ჭურჭელი, შემკული პრიალა ხაზებით, რომბებით, ირიბი და დაშტრიხული სამკუთხედებით, ტალღისებური და ბადისებური სარტყლებით. აღმოჩნდა აგრეთვე ფოთლისებრი სატევრები.

II ფენაში (ძვ. წ. III–I სს.) გამოვლინდა ნასახლართა ნაშთები. გაითხარა 5 სახლი. იატაკი თიხატკეპნილია, სახლი კრამიტით ყოფილა გადახურული. იატაკზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა წითლად შეღებილ-მოხატული სუფრის ჭურჭელი და ქვევრის ნატეხები. მოხატულობაში ჭარბობს გეომ. სახეები და სიუჟეტური ნახატები. ნასახლარზე მრავლად იყო წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი.

III ფენაში (I–III სს.) გამოვლინდა რომაული ხანის სამაროვანი. სამარხები უშუალოდ ნასახლარში იყო ჩაჭრილი. გაითხარა 7 სამარხი (ორმოსამარხი, კრამიტსამარხი და ქვევრსამარხი). ყველა ტიპის სამარხში დამარხვის წესი იდენტურია. მიცვალებული ასვენია მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, თავით სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. სამარხის ნივთებიც იდენტურია – მცირე ზომის სუფრის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაული. კრამიტსამარხში აღმოჩნდა ავგუსტუსისა და გოტარზესის I ს. ვერცხლის მონეტები. მასალა ინახება კავთისხევის არქეოლ. ბაზაში.

ლიტ.: ბოხოჩაძე ა., ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშები, ПАИ за 1978 и 1979 гг.; სიხარულიძე ა., აშუთიძე ა., მოგვთა კარის სამაროვანი, «საქართვ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე» 99, №2, 1980; Гагошидзе Ю., Самадло I-II, Тб., 1981–82.

რ. კვიტაშვილი