თელეთის ქედი, თრიალეთის ქედის სამხრ.-აღმ. განშტოება. აღმ-ით ეშვება მტკვრის ხეობამდე, სამხრ-იდან საზღვრავს თბილ. ქვაბულს. გადაჭიმულია 13–14 კმ-ზე. სიმაღლე – 1100 მ-მდე. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურად გაშენებული ტყეებია, მ. შ. ფიჭვნარი. თ. ქ-ის აღმ. დაბოლოებაზეა მთა შავნაბადა. ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე შეფენილია სოფლები: შინდისი, ტაბახმელა; სამხრ. კალთაზეა ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი და ქვემო თელეთი.
მ. ხარატიშვილი