თელეთობა, რელიგიური ხალხური დღესასწაული, რომელიც თბილისის მახლობლად, სოფელ თელეთში, წმ. გიორგის ეკლესიაში ამაღლების (აღდგომიდან მეორმოცე დღეს) დღესასწაულზე აღინიშნება. სოფლის მთავარი სიწმინდის წმ. გიორგის ეკლესიის და მასში დაბრძანებული წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატის გამო სოფელს XIX ს-მდე ხატის თელეთი ერქვა.
თ-ზე ღამის გასათევად შესაწირავით მიდიოდნენ თელეთელი და სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მლოცველები (ქართველები სომხები), განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მას თბილისელები. ძველად კრწანისიდან და ორთაჭალიდან მიმავალ მლოცველებს ხელში ყვავილების თაიგულები ეკავათ, რ-თა შუაში ანთებული სანთელი ჰქონდათ ჩამაგრებული, ისმოდა ზურნა-დუდუკის ხმა, ისროდნენ შუშხუნებს. მლოცველებს თან მიჰქონდათ უხვი სანოვაგე, მიჰყავდათ შესაწირი პირუტყვი და ფრინველი. ამ სალოცავს ძირითადად ხალხი შვილიერებას, ამასთანავე ჯანმრთელობასა და სხვა გასაჭირში შეწევნას შესთხოვდა. ეკლესიაში წირვის დასრულების შემდგომ იმართებოდა ლხინი, რ-იც თელეთიდან ორთაჭალის ბაღებში გრძელდებოდა. თ-ის დასასრულს ამავე ბაღებში დიდი ჯირითი და სპორტ. თამაშობებიც იმართებოდა. თელეთში დღემდეა შემორჩენილი სახალხო დღესასწაული, რ-ის დროსაც დოღთან და ბავშვთა ფეხბურთთან ერთად ჭიდაობაც იმართება.
ლიტ.: ბერიძე თ., მამადავითობა და თელეთობა, ჟურნ. «სიტყვა», 2010, № 11-12
ნ. ღამბაშიძე