თემი, ძველქართული ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი. სემანტიკურად თ. უძველესი ქართული ისტ.-გეოგრ. ტერმინის – „სოფელი" – ეკვივალენტია: იგი აღნიშნავს როგორც გარკვეულ ტერიტორიას, ასევე ამ ტერიტორიაზე მოსახლე საზოგადოებასაც (ასეთი მნიშვნელობა აქვს მას ახლაც), ამიტომ ეს ტერმინი შეესატყვისებოდა მეორე ძველქართულ ტერმინსაც – „ქუეყანა". ამისდა კვალად თ. შეიძლება ეწოდებოდა რომელიმე „ჴევსაც" მისი მოსახლეობით, რომელიმე მხარესაც (მაგ. კახეთს) და მთელ სახელმწიფოსაც (მაგ. საქართველოს, საბერძნეთს და ა. შ.). უძველეს წყაროებში არ გვხვდება იგი მხოლოდ XII ს-იდან მოიხსენიება. ამ გარემოების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილს ეს ტერმინი XII ს-ში ახლო ხანში წარმოქმნილად მიაჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი იყოს და რომელიმე ძვ. ქართ. კილოდან გვიან შემოსულიყო სალიტერატურო ქართულში.
საბჭ. ხელისუფლების პირველ პერიოდში თ. იყო უმცირესი ადმინ.-ტერიტ. ერთეული, რ-იც შედიოდა მაზრის შემადგენლობაში.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
დ. მუსხელიშვილი