თემურლენგი, თემური (ევრ. ტამერლანი) (1336, ხოჯა-ილგარი, ქ. შაჰრისაბზის მახლობლად ახლანდ. უზბეკეთი, – 18. II. 1405, ოთრარი, ახლანდ. ყაზახეთი), შუააზიელი ამირა და მხედართმთავარი, ბარლასთა გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის, თარაღაის შვილი. აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდ. ბრძოლებში. 1362 ფეხში დაიჭრა, რის გამოც თემურლენგი (სპარს.-ტაჯ. – „კოჭლი თემური") შეარქვეს. თ-ს უსწავლელობის მიუხედავად, სარდლის თანდაყოლილი დიდი ნიჭი ჰქონდა, რ-იც მისი ლაშქრის ორგანიზებაშიც გამოვლინდა. 1370 თ-მა მიიღო ამირას ტიტული და ერთპიროვნულად დაიწყო ქვეყნის მართვა ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით. თ-ის მთავარი პოლიტ. ამოცანა ჩინგიზ-ყაენის იმპერიის აღდგენა იყო. ამ მიზნით იგი დაუნათესავდა ჩინგიზიდებს (ცოლად ითხოვა ჩინგიზიდი უფლისწულის ქალი). 1373–74 დაიმორჩილა სამხრ. ხორეზმი, ხოლო 1388 საბოლოოდ დაიპყრო ხორეზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი. 1389, 1391, 1394–95 თ-მა სასტიკად დაამარცხა ოქროს ურდო და გაძარცვა მისი დედაქალაქი სარაი ბერქე; 1398 შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 თ-მა დაიწყო ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ 1402 ანკარასთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალეთის სულთანი ბაიაზიდ I და დაატყვევა იგი. 1386–1403 მან რვაჯერ დალაშქრა და ააოხრა საქართველო (იხ. თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). 1404 ბოლოს თ-მა ჩინეთში ილაშქრა მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა 1405 თებერვალში თ-ის გარდაცვალების გამო. დასაფლავებულია სამარყანდში, გურ-ემირის მავზოლეუმში.
თ. დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნ. და კულტ. განვითარებას. ლაშქრობების დროს დატყვევებული ოსტატები მავერანაჰრის ქალაქებში აგებდნენ სასახლეებს, მეჩეთებს, მედრესეებს, მავზოლეუმებს, რ-ებიც შემონახულია ხელოვნ. ნიმუშების სახით.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., თემურ-ლენგი, წგ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982; Новосельцев А. П., Об исторической оценке Тимура «Вопросы истории», 1973, №2; Якубовский А. Ю., Тимур (Опыт краткой характеристики), იქვე 1946, №8–9.
დ. კაციტაძე