თეოდორიტე კვირელი

თეოდორიტე კვირელი, (393–458), საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, 423–449 და 450–458 ქ. კვირის (მდებარეობდა ანტიოქიის მახლობლად, სირიაში) ეპისკოპოსი. იყო ნესტორელობის მიმდევარი. მას ეკუთვნის მრავალი თეოლ. ხასიათის თხზულება და „საეკლესიო ისტორია". ამათგან 7 თხზულება ქართულად უთარგმნიათ შუა საუკუნეებში. „საეკლესიო ისტორია" თარგმნა ეფრემ მცირემ. ეს თხზულება ორიგინ. ნაშრომია და მნიშვნელოვანი წყაროა ქართლის გაქრისტიანების შესწავლისათვის. სხვა თხზულებებში თ. კ-ს მოჰყავს საინტერესო ცნობები ქართვ. ტომების – მოსხების, თობელ-იბერების, ლაზების, ჭანების, აბაზგების, ტიბარენების შესახებ, იხსენიებს ქ. ბიჭვინთას და სხვ.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ა. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ნ. ლომოური