თეოფანე ჟამთააღმწერელი, აღმსარებელი (Theophanēs Homologētēs) [დაახლ. 760 კონსტანტინოპოლი, – 12. III. 818, კ. სამოთრაკია (ეგეოსის ზღვაში)], ბიზანტიელი მემატიანე, ბერი, ხატთაყვანისმცემელი. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი „ქრონოგრაფია" დაწერილია დაახლ. 810–814 და მოიცავს 284–813 მოვლენებს (თ. ჟ. იყენებს წელთაღრიცხვის იმ სისტემას, რ-ის მიხედვითაც ერა ძვ. წ. 5493 წ. 1 სექტ. იწყებოდა). საკმაოდ მრავლად აქვს ცნობები საქართველოს შესახებ, რ-თა ერთი ნაწილი (ქართლის გაქრისტიანება, ლაზთა მეფის წათეს ირანელთაგან განდგომა და ხელახალი გაქრისტიანება, ბიზანტიელთა და ირანელთა ბრძოლა ქ. პეტრასთვის, 562 ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის, ირანელების ლაშქრობა სვანეთში) სხვა წყაროების საფუძველზეა შედგენილი და რაიმე მნიშვნელოვან სიახლეს არ შეიცავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ცნობებს ბიზანტ. იმპ. ჰერაკლეს ირანთან ომების დროს ქართლისა და ლაზიკის პოზიციის გასარკვევად, აგრეთვე სამხრ. კავკასიაში არაბთა ლაშქრობების ისტორიისათვის. აქვე არის სხვა ცნობები საქართველოს პოლიტ. ვითარების შესახებ VII–VIII სს-ში.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941.