თეოფილაქტე

თეოფილაქტე (რუსანოვი) (1765 – 19. VII. 1821, სიღნაღი), საქართველოს ეგზარქოსი 1817–21. ეგზარქოსობამდე თავდაპირველად კალუგის, შემდეგ რიაზანის არქიეპისკოპოსი იყო. საქართველოში აქტიურად ატარებდა ცარიზმის კოლონიურ-რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მან დანიშვნისთანავე 1817 წ. 9 ნოემბრის ბრძანებულებით თბილ. სიონის საკათედრო ტაძარში შემოიღო კვირაში სამი დღე რუსულად წირვა-ლოცვა; იმპ. ალექსანდრე I-ს წარუდგინა „საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რ-იც მიზნად ისახავდა ქართვ. სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. სინოდმა მოიწონა თ-ს პროექტი, რ-იც იმპერატორმა 1818 წ. 28 დეკემბერს დაამტკიცა. თ. პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმის გატარებას დას. საქართველოში რისთვისაც მან 1819 მაისში დაიწყო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში საეკლ. გლეხებისა და მამულების აღწერა; საეკლ. გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ხოლო ძვ. ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვ. თ-ს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის აჯანყება (იხ. იმერეთის აჯანყება 1819–20), რ-შიც ჩაბმული იყო საეკლ. გლეხობა და ქართვ. სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის ნაწილი. თ. აჯანყებულთა შიშით, რ-ებიც მის გაძევებას მოითხოვდნენ, 1819 წ. 9 ივლისს 300 რუსი ჯარისკაცისა და 2 ქვემეხის თანხლებით თბილისში დაბრუნდა. ცარიზმის მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ თ. აჯანყების მონაწილეებს რუს. ხელისუფლებასთან აბეზღებდა. მან ქართ. სამღვდელოების რუსულად აღზრდის მიზნით დააარსა სას. სასწავლებლები თბილისში, თელავში გორში, სიღნაღში; ხელს უწყობდა ოსურ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას.

წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 6, ч. 1, Тфл., 1874; Е [ п и с к о п] К [и р и о н], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901.

ლიტ.: Махарадзе H., Восстание в Имеретии 1819–20 гг. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის» 1942 ნაკვ. 3.

ე. ბუბულაშვილი