თერჯოლის განძი

თერჯოლის განძი, XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს თუზსა და საზანოს შორის 1948. განძი ამჟამად შედგება 152 ვერცხლის მონეტისაგან. მისი ძირითადი ნაწილი (139 ც.) მიეკუთვნება რუმის სელჩუკებს და მოჭრილია შემდეგი სულთნების სახელით: 1. ალა ად-დინ ქეიყუბად I (1219–39); 2. ყიას ად-დინ ქეიხუსრევ II (1237–46); 3. იზ ად-დინ ქეიქაუს II (1246–48); 4. ქეიქაუს II, ყილიჩ არსლან IV და ალა ად-დინ ქეიყუბად II (სამი ძმის თანამოსაყდრეობის პერიოდი – 1249–57); 5. რუქნ ად-დინ ყილიჩ არსლან IV (1257–65). მათი დიდი ნაწილი მოჭრილია იკონიის სასულთნოს ორ უდიდეს ზარაფხანაში – კონიასა და სივასში.

განძის მეორე ნაწილი შედგება მანუილ I კომნენოსის (1238–63) ტრაპიზონის 9 ასპრისაგან, მანგუ-ყაენის (1252–61) 2 დირჰემისაგან და თითო-თითო ცალი II ტიპის ყაანურისა და დავით VII ულუს (1247–70) დირჰემისაგან. განძი სავარაუდოდ, ჩამარხულია XIII ს. 60-იანი წლების ბოლოს, არა უგვიანეს 1278-ისა.

ლიტ.: Джалагания М. А., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.

გ. დუნდუა