„თერჯოლის ღვინის მარანი“ (შპს), ღვინის საწარმო ქ. თერჯოლაში. აშენდა 2004 კომპანია „მეღვინეობა ხარების" მიერ. განლაგებულია 10 ჰა-ზე. წარმოების სიმძლავრე გათვლილია 1500 ტ-მდე ყურძნის გადამუშავებაზე წელიწადში. 2011 განხორციელდა საწარმოს ძირეული რეკონსტრუქცია და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ყურძნის მიღება-გადამუშავებასთან ერთად საწარმოში ხდება ღვინის დაძველება ფრანგული მუხის კასრებში. ღვინო მზადდება აგრეთვე ტრადიციული იმერული წესით ქვევრში. ქვევრში ღვინის დავარგება თერჯოლის ღვინის საწარმოს მახლობლად მდებარე რუშავის წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმ საროველის სტავროპიგიალური დედათა მონასტრის ეზოში მდებარე მარანში ხდება. „თ. ღ. მ." უშვებს სხვადასხვა დასახელების წყნარ („კრახუნა", „ცოლიკოური", „ძელშავი", „ოცხანური საფერე", „ალადასტური", „ოჯალეში", „უსახელოური", „ციცქა", „ხვანჭკარა") და ცქრიალა (ნახევრად მშრალი, მშრალი) ღვინოებს დას. საქართველოს რ-ნებში მოყვანილი ვაზის საღვინე ჯიშებისაგან. საწარმოს სიმძლავრე წყნარი ღვინოების დამზადებაზე შეადგენს 4 მლნ. ბოთლს, ხოლო ცქრიალა ღვინოების დამზადებაზე – 100 ათას ბოთლს წელიწადში. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშ. ბაზრებზე.
საწარმო აგრეთვე უშვებს წიპწის ზეთს, რ-იც მდიდარია ვიტამინებით და მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და კულინარიაში.
„თ. ღ. მ-ის" ღვინოებს სხვადასხვა საერთაშ. გამოფენებსა და დეგუსტაციებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.