თვალაბეიშვილი სერგო არსენის ძე

თვალაბეიშვილი სერგო არსენის ძე (1896, სოფ. საპაიჭაო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი – 1927) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1921–24 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დას. საქართველოში. 1917-იდან საქართვ. ს.-დ. (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1918–21 თ. იყო საქართვ. სახ. გვარდიის ვანის რ-ნის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და საქართველოს ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხ. ცენტრის რწმუნებული ვანის რ-ნში, სადაც ხელმძღვანელობდა 1924 აგვ. აჯანყებისთვის (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924) მზადებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1924 სექტ., თ. დააპატიმრა საქ. სსრ „საგანგებო კომისიამ" (ე. წ. „ჩეკამ"). გათავისუფლების შემდეგ, 1925–27, ეწეოდა არალეგალურ პოლიტ. მოღვაწეობას. ხელმძღვანელობდა საქართვ. ს.-დ. პარტიის რაიონულ იატაკქვეშა ორგანიზაციას. მოკლულ იქნა „ჩეკას" მიერ 1927.

ლიტ.: დვალიშვილი ო., ქართული ეროვნული სულის უკვდავება, ქუთ., 2005.

ლ. ურუშაძე