თვალივი

თვალივი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ფშავის არაგვის მარცხ. მხარეს, მწვ. გორმაღლის დას. კალთაზე. ზ. დ. 1100 მ დუშეთიდან 22 კმ. 59 მცხ. (2014).

სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მდ. არაგვის მარცხ. ნაპირას, გორმაღლის ტყიან ფერდობზე, მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-ის მთავარი ნაგებობა – წმ. გიორგის ეკლესია – ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა კათედრალური ტაძარი იყო. ეპარქია მოიცავდა ერწო-თიანეთს, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთს. ხარჭაშნელი ეპისკოპოსი პირველად XIII ს. მეორე ნახევრის ისტ. წყაროში იხსენიება (კათედრამ არსებობა შეწყვიტა XIX ს. დასაწყისში). თ-ის ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა, რ-საც აღმ-ით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს, ნაგებია ნატეხი კლდის ქვით. აფსიდი გარედან შემოსილია შირიმის თლილი კვადრებით. დას-იდან მიშენებული აქვს აგურის სამრეკლო (დანგრეულია), რ-ის I სართული კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. ინტერიერში, საკურთხევლის აფსიდის წინ, აგურით ნაგებ კანკელზე შემორჩენილია მოხატულობის ნაწილი – ვედრების კომპოზიცია და მის ორივე მხარეს მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. ეკლესიას ემჩნევა ძლიერი გადაკეთების კვალი. სტილისტიკური ნიშნების საფუძველზე ეკლესია VIII–IX სს-ით თარიღდება, ხოლო XVI ს-ში საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ეკლესიის დას. შესასვლელის ზემოთ კედლის წყობაში ჩართულია ფილა, რ-ზეც ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

გარდა ტაძრისა, კარიბჭესა და ეკლესიის საკურთხეველს შორის შემორჩენილია ადრეული ეკლესიის საძირკვლის ნაშთი. ეკლესიის ეზოში, გალავნის აღმ. კედლის გასწვრივ, ხუთი სათავსის ნანგრევია. კომპლექსის გეგმით წრიული გალავნის სამხრ.-აღმ. კუთხეში ჩაშენებულია ოთხსართულიანი კოშკი.

ლიტ.: ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008; წერეთელი კ., სოფ. თვალივის წმ. გიორგის კათედრალური ტაძარი, კრ.: არქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1982; Записки общества любителей Кавказской археологии, под ред. А. Берже и Д. Бакрадзе, Тфл., 1875.

კ. წერეთელი