თთუენი, თუენი, ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც კალენდარული თანამიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები. იგი მოიცავს თორმეტი თვის ჰიმნოგრაფიულ რეპერტუარს და სახელწოდება თ-ც აქედან მიიღო. ეს სახელწოდება ქართ. ლიტ. ისტორიაში გაჩნდა X ს. 70-იან წლებში შედგენილ ე.წ. იელის იადგარში. მასში დადასტურებული ტერმინი (საწელიწადო თუენი) შეესაბამება X ს. იადგარებში (Sin 1,65) გამოყენებულ ტერმინს „საწელიწადო იადგარი", რ-იც აღნიშნავს არა მთლიანად იადგარს, არამედ მის მხოლოდ ერთ ნაწილს – სათვეო განყოფილებას, მთლიანი კრებულისათვის კი გამოყენებულია სახელწოდება იადგარი. X ს. იადგარებისა და გიორგი მთაწმიდელის რედაქციის თ-ის სტრუქტურისა და ჰიმნოგრაფიული რეპერტუარის შედარება ცხადყოფს, რომ თ., როგორც დამოუკიდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული, ჩამოყალიბდა იადგარების დანაწევრების შედეგად. ეს დასტურდება თ-ის ნუსხებს დართული გიორგი მთაწმიდელის ანდერძებითაც.
გიორგი მთაწმიდელს თ. შეუდგენია რამდენიმე ბერძნ. წყაროს: პეტრეწმიდის, სვიმეონწმიდის, აია-სოფიას, კაუვი ეკლესიის ჰიმნოგრაფიული კრებულების მიხედვით. ბერძნულის გარდა გამოყენებული აქვს XI ს-მდე არსებული ჰიმნოგრაფიული რეპერტუარი. თ-ში შესატანი მასალა, რ-იც აკმაყოფილებდა მთაწმიდელის მთარგმნელობით პრინციპებს, უცვლელად არის გადმოტანილი X ს. იადგარებიდან, თუმცა შედარებულია ბერძნ. წყაროსთან და ისეა რედაქტირებული. X ს. ჰიმნოგრაფიულ რეპერტუარს, უცვლელად გადმოტანილს თ-ში, გიორგი მთაწმიდელმა „ქართული" უწოდა. „ქართულად" სახელდებულ, X ს. იადგარების სახით არსებულ მასალაში იგულისხმება აგრეთვე თ-ის I რედაქცია, რ-იც გარდამავალი საფეხურია გიორგი მთაწმიდელის რედაქციის თ-სა და X ს. ქართ. იადგარებს შორის. იგი შედგენილი უნდა იყოს X–XI სს. მიჯნაზე. მას საფუძვლად დაედო X ს. იერუსალიმური ტრად. იადგარები. თ-ის I რედაქცია თავისი შედგენილობით ქართ. მოვლენაა, რ-შიც შეზავებულია ღვთისმსახურების ორი ტრადიცია – იერუსალიმური და კონსტანტინოპოლური. იგი, სავარაუდოდ შექმნილია იერუსალიმში მოღვაწე ქართვ. სას. პირთა მიერ შემქმნელ-რედაქტორად კი ექვთიმე მთაწმიდელს მიიჩნევენ. გიორგი მთაწმიდელმა თ-ის კალენდარი თავისსავე თარგმნილ კონსტანტინოპოლური სვინაქსარის კალენდარს შეუდარა და თ-ის კალენდარში (განსხვავებით სვინაქსარისაგან) შეიტანა ქართვ. წმინდანთა ხსენებები და ჰიმნოგრაფიული მასალა კერძოდ, იოანე და ექვთიმე მთაწმიდელები, ილარიონ ქართველი წმ. ნინო, იოდასაფი. წმ. ნინოს ხსენებისა და საგალობლების შეტანისას გიორგი მთაწმიდელი სარგებლობდა X ს. იადგარების მასალით, სადაც წმ. ნინოს ხსენება უკვე იყო (Sin. 59, 64; იელის იად.) იოდასაფის ხსენება კი ამ იადგარებში არ იყო შესული. იგი დასტურდება თ-ის I რედაქციაში, საიდანაც გადავიდა გიორგი მთაწმიდელის თ-ში. რადგან თ-ის I რედაქციაში იოდასაფი და საგალობელი მის სახელზე უკვე არსებობდა, გიორგი მთაწმიდელისათვის ეს იყო იმის დასტური, რომ ქართ. ეკლესია უფრო ადრე აღიარებდა იოდასაფს წმინდანად, ვიდრე საბერძნეთისა.
გიორგი მთაწმიდელის რედაქციის თ-ს XVIII ს-მდე კანონიკური ხასიათი ჰქონდა. XVIII ს-ში ალექსი მესხიშვილმა და ანტონ კათოლიკოსმა თ. შეუფარდეს რუს. ლიტურგიკულ პრაქტიკას, შეასწორეს რუს. ტიპიკონის მიხედვით; ამასთანავე შეიტანეს მასში ქართვ. წმინდანთა ხსენებები და საგალობლებიც. ანტონ კათოლიკოსის რედაქციის სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მასალა დაიბეჭდა კიდეც.
ლიტ.: გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), ლ. ჯღამაიას გამოც, თბ., 2007; კეკელიძე კ., ახალი რედაქცია ქართული ჰიმნოგრაფიული თთუენისა, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8 თბ., 1962; კვირიკაშვილი ლ., ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიცია, თბ., 1982.
ლ. ჯღამაია