თიანეთის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები, გამოვლენილი თიანეთსა და მის შემოგარენში. თიანეთის უბნის, ე. წ. ბაღიანების ჩრდ-ით, დიდგორის ხევში 1964 ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის ჟალეთის არქეოლ. ექსპედიციამ ჩაატარა სადაზვერვო გათხრები (ხელმძღვ. დ. მუსხელიშვილი). აღმოჩნდა კლდის ქვებით და დუღაბით ორპირად ნაგები კედლის ნაშთები, ჩაკირული ქვევრის ნაწილი, კეცის ფრაგმენტები, ნაცროვან ფენაში – დამწვარი ხის ძეგლების ნაშთები. ნაპოვნია XI–XIII სს. მოჭიქული და მოუჭიქავი სამზარეულო და სუფრის თიხის ჭურჭლის (ჯამი, ქოთანი, ხელადა) ფრაგმენტები.
ბაღიანებში გამოვლენილია განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი მის მიდამოებში, კუხაციხეზე კი – დიდი ზომის მიწისქვეშა აკლდამები.
თიანეთიდან ცხრაკარის მიმართულებით, ფაშაურთგორაზე, აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრინდ. ეტაპის შავლეგა თიხის ჭურჭლის ნატეხები და განვითარებული შუა საუკუნეების მინის სამაჯურის ფრაგმენტები.
ადგილ. საკირეებში გამოვლინდა ადრინდ. შუა საუკუნეების დაზიანებული სამარხები. ნაპოვნია ბრინჯაოს საკინძის ღეროები, ბეჭედი და სარდიონის მძივები.
თიანეთიდან 5 კმ-ზე, ე. წ. ვაჟის წყაროსთან, აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის ქვევრის ნატეხები.
მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. საცავში და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ.: რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე», 1978, №1; ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, IV – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.
ბ. ჯორბენაძე