თიანეთის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. თ. მ. შეიქმნა 1874 წ. 3 ნოემბერს. იგი თიანეთის საპრისტავოს ბაზაზე ჩამოყალიბდა. 1875 წ. 1 იანვარს თ. მ. ოფიციალურად გაიხსნა.
თ. მ. თავისი ტოპოგრ. თავისებურების გამო მთისა და ბარის ზოლებად იყოფოდა და მისი მთიანი ნაწილი მაზრის ადმინისტრაციისათვის ნაკლებად მისაწვდომი იყო, განსაკუთრებით – ზამთარში. ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ თ. მ-ის მთიანი ნაწილი მაზრის უფრ. მმართველობის სფეროში არ შედიოდა.
თბილისის გუბერნატორის შუამდგომლობით კავკასიის მეფისნაცვალმა გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და 1880 წ. 17 ნოემბერს თ. მ-ის მთიანი ზოლისაგან ჩამოყალიბდა თიანეთის საპრისტავო (ოფიციალურად გაიხსნა 1881 წ. 1 თებერვალს), რ-იც მაზრის შემადგენლობაში შედიოდა.
თ. მ-ს თბილ. გუბერნიის ჩრდ.-აღმ. ნაწილი ეჭირა, კავკასიონის ორივე ქედის კალთებზე მდებარეობდა და ფშავისა და ხევსურეთის არაგვის, ივრისა და ალაზნის ზემოწელის, თუშეთის ალაზნის, არღუნისა და ასის სათავეთა წყლების აუზს მოიცავდა. თ. მ. სამ უბნად იყოფოდა: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ერწოს. თუშეთ-კახეთის უბნის ცენტრი ახმეტა იყო, ერწოს უბნის მსაჯულის ადგილსამყოფელი სოფ. ღულელებში იყო ფშავ-ხევსურეთისა – ბარისახოში. თ. მ-ს აღმ-ით ესაზღვრებოდა დაღესტნის ოლქი და თელავის მაზრა რ-თა შორის გამყოფი სასაზღვრო ხაზი კავკასიონის მთავარ ქედსა და მისი სამხრ.-დას. განშტოების – დიდგვერდ-ნაქერალას მთაგრეხილს გასდევდა; სამხრ-ით – თბილისის მაზრა რ-ისგანაც ქართლის ქედის აღმ. განშტოებითა და გომბორის ქედით გამოიყოფოდა; დას-ით – დუშეთის მაზრა მათ შორის გამყოფი ხაზი გუდამაყრის, ქართლისა და ცხვარიჭამიას ქედებს გასდევდა; ჩრდ-ით, კავკასიონის გვერდითი ქედის გაყოლებით, თერგის ოლქი საზღვრავდა. თ. მ. გაუქმდა 1930.
წყარო: სცია, ფ. 26, ან 2 ს. 2035, ფ. 1, ფ. 7, ან II ს. 1 ფ. 110; სცია, ფ. 7, ან 1, ს. 1982, ფ. 49; ПСЗРИ, ٢ изд. т. XLIX ст. 54010.
ზ. ცინცაძე