„თიბისი ბანკი“ (TBC Bank), სააქციო საზოგადოება, ერთ–ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში. დაფუძნდა 1992 წ. 17 დეკემბერს. 1994 მაისში მას მიენიჭა საერთაშ. ოპერაციების წარმოების ლიცენზია, ხოლო 2000 სექტემბერში – საერთაშ. რეიტინგი. „თ. ბ." წარმოდგენილია აგრეთვე აზერბაიჯანის („თიბისი კრედიტი") და ისრაელის („თიბისი ინვესტი") ბაზრებზე. 2014 წ. 11 ივნისს „თ. ბ-მა" განახორციელა საქართველოდან აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე საერთო ღირებულებით 256 მლნ. დოლარი. 2016 ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა, 2017-იდან კი მისი აქციები საფონდო ბირჟაზე 350 უმსხვილეს კომპანიასთან ერთად განთავსდა.
„თ. ბ-ის" მთლიანმა კაპიტალმა 2016 წ. 31. XII. მდგომარეობით 1,6 მლრდ. ლარი შეადგინა, მისმა მთლიანმა აქტივებმა ამავე პერიოდისათვის – 10,8 მლრდ. ლარი ხოლო საკრედიტო პორტფელმა – 7,4 მლრდ. ლარი. ბანკი ყველაზე დიდ წილს (42 %) ფლობს ფიზ. პირების სესხებისა და ფიზ. პირების ანაბრების (40,8%) ბაზარზე.
„თ. ბ." საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებს სთავაზობს სესხებს არსებული ბიზნესის განვითარებისათვის, აფინანსებს ფიზ. პირებს (იპოთეკური, სამომხმარებლო სესხები), ახდენს ფულადი ანაბრების ოპერაციებს ფიზ. და იურიდ. პირებთან, ელექტრონულ საბანკო მომსახურებას (სატელეფონო სერვისცენტრი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები), პლასტ. ბარათების გამოშვებას და მომსახურებას. 2011 „თ. ბ-მა" შეისყიდა ბანკ „კონსტანტას" 80%-იანი წილი და წარმატებით შევიდა მიკროსაფინანსო ბაზარზე, 2014 კი 100%-მდე გაზარდა თავისი ინვესტიცია ბანკ „კონსტანტაში".
2016 „თ. ბ-მა" შეიძინა „ბანკი რესპუბლიკის" 100%-იანი წილი, ორი საფინანსო ინ-ტის შერწყმის პროცესი 2017 მაისში დასრულდა. ამ ტრანზაქციით „თ. ბ-მა" გაიმყარა პოზიციები საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით და ბაზარზე გახდა ლიდერი ბანკი სესხებისა და დეპოზიტების მხრივ. გაერთიანების შედეგად „თ. ბ-ის" კლიენტების რაოდენობა გაიზარდა 2 მლნ-მდე, ფილიალების – 167-მდე, ხოლო ბანკომატების 530-მდე.
ბანკის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში (კ. მარჯანიშვილის ქ. №7). შენობა აგებულია 1913 (არქიტ. ა. როგოისკი). თავდაპირველად აქ განთავსებული იყო „კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების" სახლი, 1935-იდან – ცენტრ. უნივერმაღი, ხოლო 2005-იდან (რეკონსტრ. შემდეგ; არქიტ. გ. კიკნაძე) იგი „თ. ბ-ის" კუთვნილებაა. შენობა „მოდერნის" სტილისაა, მთლიანად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე და თბილ. არქიტ. ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
2002–16 წლებში „თ. ბ." მრავალჯერ დაჯილდოვდა არაერთ ნომინაცი„ში, მ. შ. როგორც „საუკეთესო ბანკი საქართველოში" მსოფლიოს წამყვანი გამოცემების („The Banker", „Euromoney", „Emeafinance", „Global Finance") მიერ ასევე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო „საუკეთესო ინტერნეტ ბანკისთვის". 2013 „თ. ბ-ის" ინტერნეტ ბანკი მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა „Global Finance" დაასახელა „სოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად".
ბანკი ეწევა ქველმოქმედებას. იგი ყოველწლიური ლიტ. პრემიის „საბას" (გაიცემა 2003-იდან) დამფუძნებელი და ორგანიზატორია.