თმოგველები

თმოგველები, დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII–XIV სს. საქართველოში მხარგრძელთა განშტოება. ამ გვარის ფუძემდებელი იყო სარგის ვარამის ძე მხარგრძელი, რ-საც თამარ მეფემ ამირსპასალარ გამრეკელ თორელის სიკვდილის შემდეგ სამამულოდ უბოძა თორელის საკარგავი – თმოგვის ციხე (ისტ. ჯავახეთში) და მისი მიმდგომი მხარე. XIII ს. დასაწყისიდან თ-ის საგვარეულო მონასტრად იქცა ვაჰანის (ვანის) სამეფო მონასტერი (თმოგვის მახლობლად). თ-ის მამული – თმოგვის მხარე – XIII–XIV სს-ში წარმოადგენდა დიდ ფეოდ. სენიორიას, თვით თმოგვი კი – შუა საუკუნეების ტიპურ ციხე-ქალაქს. თ. აქტიურად მონაწილეობდნენ XII–XIII სს. საქართველოს პოლიტ. და კულტ. ცხოვრებაში (იხ. სარგის თმოგველი, თაყაიდინ თმოგველი). მათ ფეოდ. შუღლი ჰქონდათ სამხრ. საქართველოს მეორე დიდ საგვარეულოსთან – სამცხის მთავრებთან, ჯაყელებთან. ამ ბრძოლაში თ. დამარცხდნენ და XIV ს-ში დატოვეს თმოგვი, გადასახლდნენ კახეთსა და შიდა ქართლში. კახეთში ისინი დაეუფლნენ უჯარმას, ხოლო შიდა ქართლის დას. ნაწილში – ნიქოზს და ეწოდათ თავდაპირველად თმოგველ-უჯარმელები, ხოლო შემდეგ – თმოგველ-უჯარმელ-ფავლენიშვილები. აქ მათ საგვარეულო საყდრად გაიხადეს ნიქოზის ეკლესია. საისტორიო წყაროებში თ-ად ხშირად იხსენიებიან არა მარტო ამ საგვარეულოს წევრები, არამედ თმოგვის მხარის მცხოვრებლებიც.

წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ჟამთააღმწერელი, იქვე; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ვაჰანის ქვაბთა განგება (XIII ს.), ლ. მუსხელიშვილის გამოც., ტფ., 1939; ჟორდანია თ., ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და "ძეგლი" ვაჰხანის ქვაბთა, ტფ., 1896.

ლიტ.: კაკაბაძე ს., თმოგველთა გვარის ისტორიისათვის, ტფ., 1913; მისივე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგ. 1, ტფ., 1914; მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII ს. საქართველოში თბ., 1979.

ნ. შოშიაშვილი