თმოგველი სარგის

თმოგველი სარგის, XII–XIII სს. მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდ. სახლის ფუძემდებელი, ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე. თ. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყო ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი სხვა მხარგრძელებთან ერთად თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი – თმოგვის ციხე (ჯავახეთში), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თ-ად.

თ. მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). შალვა ახალციხელთან ერთად მონაპირეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანვე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდ. ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს.

წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან თმოგველები.

ნ. შოშიაშვილი