თოგალი

თოგალი მაია, სპილენძის ჟანგი. იხმარება თიხის ჭურჭლის ჭიქურქვეშა მოხატულობისათვის, ამავე დროს იგი მწვანე ჭიქურის კაზმის აუცილებელი შემადგენელი მასალაა. თ. სპილენძის ხელოსან მექვაბეებთან შეძენილი სპილენძის ჟანგია, ხოლო მეჭურჭლეების მიერ გადამუშავებული, დამწვარი, დაფქული და სითხეში გახსნილი თ. მაიაა.

დამწვარი თ., ანუ მაია ჭიქურის შემადგენელი წამლებიდან წისქვილში ყველაზე ბოლოს უნდა დაიფქვას, შემდეგ წისქვილი კარგად უნდა გაირეცხოს. თაღარში ჩაყრილ დაფქულ თ-ს ზომაზე წყალში გახსნიან, რითაც ხატავენ ჭურჭელს. მოხატვა ხდება საგანგებო ყალმით, რ-საც თხის ბალნის ან ვირის ფაფრისაგან შეკრულ, ხის ტარზე დამაგრებულ ფუნჯს უწოდებენ. კახელი ხელოსნები ვირის ფაფრის გარდა კამეჩის ბალნით ან ცხენის ძუის ფუნჯით სარგებლობენ. შროშელი მეჭურჭლეები ჭურჭლის მოსახატავად ჯოხზე დახვეულ ბამბას იყენებენ.

ლიტ.: ბედუკიძე ს., მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე» 1957, ტ. 19A და 21B.

მ. ზანდუკელი