თოვლის მემინდვრია (Chionomys nivalis), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია დას. ევროპაში, მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, თურქეთში, ირანში, რუსეთში. ბინადრობს მთის მდელოებზე, ქვანაყარ და კლდოვან სტაციებში. ვრცელდება ტყიდან სუბნივალურ ზონამდე. არსებობს რამდენიმე ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება თრიალეთური თ. მ. (Chionomys nivalis trialeticus) ბორჯომის ხეობაში, ბაკურიანში, ჯავახეთში. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტ.: ენუქიძე გ., ცხრაწყაროს ალპური ზონის ბიოცენოზის ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველი, «საქართველოს მეცნ. აკად. ზოოლოგიის ინ-ტის შრომები», ტ. 8, თბ., 1948; ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 3, თბ., 1963.
გ. ენუქიძე