თოთიბაძე გიორგი (გოგი) კონსტანტინეს ძე (29. X. 1928, თბილისი, – 8. IV. 2010, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1983). სსრკ სამხატვრო აკად. წ.-კორ. (1975). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (1996-იდან). აფხაზეთის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1953), მისი პედაგოგები იყვნენ: კ. სანაძე, მ. თოიძე, ი. გაბაშვილი უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე. იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1970-იდან – პროფესორი, 1972–82 – რექტორი). 1982–90 იყო სსრკ სამხატვრო აკად. ფერწერისა და გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოების ხელმძღვანელი.
თ. ჟანრული ფერწერის წარმომადგენელია. მუშაობდა ძირითადად პორტრეტისა და გრაფიკის დარგში. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1954-იდან. თ-ის პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში 1981. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თანამედროვეობისადმი მძაფრი ინტერესი ზუსტი, რეალისტური ნახატი, თავდაჭერილი კოლორიტი. პორტრეტები გამოირჩევა შესრულების დახვეწილი, ფაქიზი მანერით. მრავალფიგურიან კომპოზიციებში ზუსტადაა გადმოცემული თანამედროვეობა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ახალ სამგორის მიწაზე" (1953, თბილ. სამხატვრო აკად. მუზეუმი), „ჩაის პლანტაციის გმირები" (1961), „სტუდენტები" (1962 – ორივე დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა), „კახელი მევენახეები" (1967, იქვე) „თამადა" (1967, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „მრავალჟამიერი" (1986) და სხვ. პორტრეტები: ნ. ამირეჯიბი (1959, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა), მ. ქავთარაძე (1956), ზ. ფალიაშვილი (1961, ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისი), ნ. მუსხელიშვილი (1962, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა) და სხვ. მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის დარგში.
თ. გერსამია