თოთხმეტი აპრილი 1978, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ეტაპი, მშობლიური ენის დასაცავად ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი. 1978 დასაწყისიდან საქართველოში სსრკ-ის ახ. კონსტიტუციის პროექტი განიხილებოდა. მოქმედი (1936 წლის) კონსტიტუციით ქართ. ენას, რესპუბლიკების უმრავლესობისაგან განსხვავებით, საგანგებო მუხლით სახელმწიფოებრივი სტატუსი ჰქონდა მინიჭებული – აღიარებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწ. ენად. საბჭ. კავშირის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ახ. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი უნდა გაუქმებულიყო. ახ. კონსტიტუცია უნდა მიეღო 1978 წ. 14 აპრილს მოწვეულ საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს სესიას.
კრემლის ამ მიზნის განხორციელებას ქართვ. ხალხი წინ აღუდგა. მოძრაობას თსუ-ის სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში. 12 აპრილიდან თბილისში გრანდიოზული დემონსტრაციები დაიწყო. მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე სტუდენტებმა „მჯდომარე გაფიცვა" გამოაცხადეს. მანიფესტანტები მოითხოვდნენ ახ. კონსტიტუციაში ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ძალაში დატოვებას. ისინი მზად იყვნენ სისხლით დაეცვათ მშობლიური ენის უფლება. დემონსტრაციის დასაშლელად მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე საბჭ. შინაგანი ჯარის რაზმები იდგნენ. დემონსტრანტების წინაშე გამოვიდა საქართვ. კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ე. შევარდნაძე და ხალხს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება აღუთქვა. ამის შემდეგ კრემლი დათმობაზე წავიდა. 14 აპრილს საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ ქართ. ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი უცვლელად დატოვა. ამრიგად, დემონსტრანტთა მოთხოვნები შესრულდა და მალე, ყოველგვარი ექსცესის გარეშე, მანიფესტაცია შეწყდა. ამ დღის აღსანიშნავად 14 აპრილს დაწესდა ქართ. ენის დღე.
გ. ნარსია