თორი, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა სამი ხევის აუზებს: გუჯარეთისწყალს, შავწყალასა და ხეობას, ანუ მტკვრის ორსავე სანაპიროს ტაშისკარიდან დვირამდე. ჩრდ.დას-იდან თ-ს ქართლ-იმერეთის ქედი ესაზღვრებოდა, სამხრ-იდან – კოდიანის, შარვაშეთისა და თორის მთები, აღმ-იდან ნაირის, აბუხალოს, გვირგვინასა და ყერძენის მთები. ესაა ძირითადად ტყიანი მთებისა და ალპური საძოვრების მხარე, რ-ის მეურნეობაში წამყვანია მესაქონლეობა. ვენახ-ხილიანი ზოლი აქ მხოლოდ მტკვრის ნაპირებზეა, აქვე მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც.
ლეონტი მროველის ცნობით, უძველესი დროიდანვე თ. სამცხის შემადგენლობაში ითვლებოდა. გიორგი მერჩულისა და ძვ. სომხური გეოგრაფიის ცნობათა მიხედვით, V–X სს-ში თ. ადმინისტრაციულად ქართლის შემადგენლობაში იყო. თ-ის ძირითადი სამი ერთეული თავისთავად კიდევ მცირე საციხისთავო ქვეყნებად იყოფოდა, რომელთაც თავიანთი რელიგ. ცენტრებიც ჰქონდათ. ასეთები იყო: შავწყალაზე ციხისჯვარ-თორი (ამ ადრევე დაწინაურებული ცენტრის სახელი შემდეგ მთელ ოლქზე გავრცელდა); გუჯარულაზე – თოთხამგუჯარეთი, უზნარიანის ციხე და ტიმოთესუბნის მონასტერი, ყვერბილის ციხე და ლიკანის მონასტერი, დვირის ხევში – გურჯის ციხე და ტაძრისის მონასტერი, დვირის ციხე და საკვირიკეს მონასტერი. XI ს-ში თ-ის დასავლეთი (ტაძრისის მონასტერი დვირის ხევში) სამცხეში შედიოდა, ხოლო აღმ. ნაწილი (ახალდაბა და ნეძვის მონასტერი) – ქართლში.
XI–XIII სს. თ-ის აღმავლობის პერიოდია. სხვა პირობებთან ერთად ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ თ-ის ოლქის მფლობელ თორელთა ფეოდ. საგვარეულო საქართვ. სამეფო კარზე ამ დროს ფლობდა დარბაზის რიგის საპატიო სახელოებს. მაშინ გაქალაქდა ახალდაბა, განახლდა ძვ. ციხეები (ნეძვი, საკვირიკე, საყდრივაკე), აშენდა ახ. ეკლესია-მონასტრები (კიმოთისმანი, დვირი, საკირე), ხიდები.
XIV–XV სს-ში თ. თანდათან გადავიდა საათაბაგოში – ჯაყელთა ფეოდ. სამთავროში. ამისდა კვალად თორელებმაც ქართლში გადაინაცვლეს, თ-ში კი ავალიშვილთა, გოგიბაშვილთა, ბუმბულისძეთა ახ. ფეოდ. ერთეულები შეიქმნა. XVI ს. ბოლოს მთელ სამხრ. საქართველოსთან ერთად თ-ც ოსმალთა ბატონობას დაექვემდებარა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, თ-ს მაშინ პეტრეს ლივა ეწოდებოდა, რ-იც ორად იყო გაყოფილი: პეტრეს ციხის ნაჰიედ, ცენტრით პეტრეს ციხეში, და ქაშვეთის ნაჰიედ, ცენტრით სადგერში. ეს მხარე თითქმის დაცლილი ყოფილა მოსახლეობისაგან და მხოლოდ რვა დასახლებული პუნქტიღა იყო შემორჩენილი. 1639 ირან-ოსმალეთის ზავის მიხედვით, თ. ისევ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
ფეოდ. ხანის თ. ეპარქიების მიხედვით ასე ნაწილდებოდა: შავწყალა და ხეობა კორტანეთამდე მაწყვერელს ემორჩილებოდა, გუჯარეთი – ქართლის კათოლიკოსს, ნეძვ-ახალდაბის ქვეყანა კი – მროველს. 1739 მაწყვერლის სამწყსო თ-ში ურბნელ ეპისკოპოსს გადაეცა.
XIX ს-იდან დაიწყო მოსახლეობისაგან დაცლილი თ-ის ხელახალი დასახლება. 30-იანი წლებიდან ჩამოსახლდნენ გიუმიშხანედან გამოქცეული ბერძნები, რ-ებმაც ბოლოს ციხისჯვარში მოიყარეს თავი. ამავე წლებში ჩამოასახლეს რუსები, შემდეგ – უკრაინელები პოლტავის გუბერნიიდან. მოსახლეობა მოვიდა ქართლიდან, იმერეთიდან; XIX ს. II ნახ-ში ცხინვალის რაიონიდან ჩამოსახლდნენ გუჯარეთის ხევისა და მიტარბის ოსები.
თ. ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტში შედის.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.
დ. ბერძენიშვილი