თორია, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ჯავახეთის ზეგანზე. ზ. დ. 1880 მ ნინოწმინდიდან 15 კმ. 491 მცხ. (2014).
თ. მდებარეობს ისტ. ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 თ. ახალქალაქის ლივის აკშეჰირის რ-ნში შედიოდა. იქ 21 კომლი ცხოვრობდა, რ-თა უმრავლესობა ქართველები იყვნენ: ფასია, მერაბა – ძმა მისი, პაპა ფასიასძე, გრიგოლ თორნიკესძე, ჯანიბეგ სარგიზისძე, ხოსრო გრიგოლისძე, არსლან აღბუღასძე და სხვ. ისინი წლიურად იხდიდნენ 13000 ახჩას; მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰყავდათ ფუტკარი, ღორი, ცხვარი; ჰქონდათ ბოსტნები და ერთი თვალი სელის ზეთის სახდელი.
ერთი საბუთის მიხედვით, 1847 ეს სოფელი უკაცრიელი ყოფილა და მემამულე ყანდანოვის სოფ. ხულგუნოში მცხოვრები სახაზინო გლეხები (14 კომლი) ითხოვდნენ გადასახლებას თ-ში. 1886–87 იქ უკვე 45 კომლი ცხოვრობდა.
დღევანდელ თ-ში კათოლიკე სომხები ცხოვრობენ.
სოფლის განაპირას, მის დას-ით, შემორჩენილია ძვ. ქართ. ეკლესიის ნაშთი. პერანგშემოცლილი საკურთხევლის ბათქაშს გარედან და შიგნიდან ეტყობა გათლილი კვადრების ჰორიზ. მწკრივების ანაბეჭდები. ნანგრევებში ჩანს ქვაჯვარის ბაზა, ვერძისა და ცხენის ქანდაკებები. ქვაჯვარის ბაზა და კოპიანი ქვის ჯვარია საფლავებზეც ახ. სომხ. „სურბის" მახლობლად.
სოფელს ჩრდ.-აღმ-იდან მაღალი მთა დაჰყურებს, რ-ის თხემი ვულკ. ქვის მასივითაა დაფარული. სამხრ. ფერდობზე ამავე ქვებით შექმნილია სამი გამაგრებული ტერასა, მთის წვერზე კი ქვაყრილებით მოზღუდულია წრიული ტერიტორია, რ-ის დიამეტრი დაახლ. 10 მ-ია. მის შიგნით, ასევე ტერასებზე, ჩანს ნასახლართა ბუდეები. ნაკლებად დამრეც, ადვილად მისადგომ ჩრდ. და დას. მხარეს თხრილია თავდაცვის გასაძლიერებლად. შიშიანობის დროს აქ უნდა ყოფილიყო სოფლის მაცხოვრებელთა თავშესაფარი.
სიმაგრის დას-ით, ქედის გაგრძელებაზე, ახ. სალოცავია – „სურბი", რ-შიც ძვ. ქვაჯვრის ბაზა დგას. მისი ოთხივე მხარე დამუშავებული და შემოღარულია, ერთ გვერდზე მოგრძო ჯვარია გამოსახული.
ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3 თბ., 1941–58.
დ. ბერძენიშვილი