თოხი

თოხი, მიწის დასამუშავებელი ქვისა ან ლითონის იარაღი. დას. საქართველოში (იხ. სტ-ები თეთრამიწა საგვარჯილე და სხვ.) ენეოლითის ხანიდან გვხვდება ქვის თ-ები. გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან ფართოდ გავრცელდა დას. საქართველოში მესხეთ-ჯავახეთში შიდა ქართლში, იშვიათად – ჩრდ. კავკასიაში. ორდუსა და მეხჩის ციხის (ახლანდ. თურქეთი) განძებში აღმოჩენილია ბრინჯაოს თ-ები. ძვ. წ. VII–VI სს-იდან ფორმის მიხედვით თ-ები დიფერენცირებულია, რაც მიწათმოქმედების მრავალდარგიანობას მოწმობს (მოთოხნა, ახოს აღება, ყამირის გატეხა და სხვ.). თ-ები გვხვდება სხვადასხვა განძის შემადგენლობაში (ურეკი, მელექედური, ზენითი და სხვ.) და სამარხებსა და დასაკრძალავ მოედნებზე (მუხურჩა, ურეკი, ერგეტა და სხვ.).

დანიშნულების მიხედვით თ. იყო საღომე, სასიმინდე, სავენახე, საბოსტნე და სხვ. ცნობილია თ-ის სხვადასხვა სახელწოდება: კეკო, ბრტყელი, ლინგა, ყუიანი, ყუნწიანი, მხრებიანი, მხრებდაქნილი, ჩეკია და სხვ. საქართველოში უფრო ორი ტიპის თ-ს ხმარობდნენ: მხრებდაქნილს („იმერული") და ბრტყელს ოთხკუთხას („ქართული"). ნიადაგის დამუშავებას იწყებდნენ თ-ით, რ-ითაც მიწას თოხნიდნენ, აფხვიერებდნენ და სარეველა ბალახისაგან ასუფთავებდნენ. თ. დღესაც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით მცირე ზომის საბოსტნე ნაკვეთებში.

ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; ჯაფარიძე ო., მიწათმოქმედების იარაღები დასავლურ-ქართულ კულტურაში, «თსუ შრომები», 1953, ტ. 49.

გ. ჯალაბაძე