გოგოლაშვილი გიორგი ბიძინას ძე (დ. 24. VII. 1948, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი), ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ბა (1971). 1975-იდან მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის, 1992-იდან კი – ძვ. ქართ. ენის კათედრაზე (2003-იდან ამავე კათედრის გამგეა). 1978-იდან მუშაობს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში (1982–85 იყო სწავლული მდივანი, 1989–95 – დირექტორის მოადგილე, 1995–96 – განყ-ბის ხელმძღვანელი, 1996- იდან – წამყვანი მეცნ. თანამშრომელი; 2006-იდან – უფრ. მეცნ. თანამშრომელი).
გ-ის შრომები ეძღვნება ძვ. და ახ. ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართ. დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ქართ. ენის სახელმწ. კომისიის წევრი, ჟურნ. „ბურჯი ეროვნებისას" გამომც.- რედაქტორი, „საენათმეცნიერო ძიებანის" მთ. რედაქტორი, ჟურნ. „ენათმეცნიერების საკითხების" მთავარი რედაქტორის მოადგილე.
პედ. საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით (2004).
თხზ.: დრო-კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ., 1984; ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბ., 1988 (თანაავტ.: ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1989; ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბ., 1991 (თანაავტ.: ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); ფიქრები დედაენაზე, თბ., 1997; დედაენა – წიგნთა წიგნი, თბ., 2002; ქართული – ენაჲ შემკული და კურთხეული, თბ., 2004; ბედი ქართული უნივერსიტეტისა ათასწლეულის კარიბჭესთან, თბ., 2006.