თოჯინების ქართული თეატრი, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სსიპ) თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში. დაარსდა 1934 თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით „თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის" სახელწოდებით. თეატრის დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ასევე მ. სარაულს, ქ. ჯუღელს, ნ. მახარაძეს. დასის პირველი წევრები იყვნენ: ე. სიბილა, გ. ლომაია, მ. სარაული, ე. ბარბაქაძე, ვ. ნიკოლაიშვილი, ე. ცქიტიშვილი, ე. ხერხეულიძე. თეატრის პირველი ხელმძღვანელი იყო გ. მიქელაძე (1934–69). პირველი წარმოდგენა (ს. ფედორჩენკოს „ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები") გაიმართა
1934 წ. 26 მაისს. ქართული თოჯინური სცენის პირველი ესკიზი შექმნა პ. ოცხელმა. თოჯინები გამოთალა მ. სარაულმა. 1936 თ. ქ. თ-ს შეუერთდა ჩრდილების თეატრი (ხელმძღვ. – გ. კოსტავა) და ეწოდა თბილ. თოჯინებისა და ლანდების სახელმწ. ქართ. თეატრი. აქ იდგმებოდა ზღაპრები, ფეერიები, სათავგადასავლო პიესები, თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირებები. რეპერტუარი ძირითადად განკუთვნილი იყო ბავშვებისათვის. სხვადასხვა დროს წარმოადგინეს: გ. როსებას „ცაცო", ვ. კობელის „წკიპა", ვ. პოლიაკოვის „მოგზაურობა უცნაურ ქვეყნებში", ლ. ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა", ტ. ხავთასის „თხუპნია", ა. ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი", ს. პროკოფიევას „გუგულიანი საათი", ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრი", გ. ნახუცრიშვილის „კომბლე", გ. ლანდაუს „ფიფქიას სკოლა", ა. პოპესკუს „მზის სხივი", „ცისფერი ზღარბი", ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის „ბატის ჭუკი", ა. ჰენზელის „მელაკუდა", ტ. გაბეს „ბროლის ქოში", ლ. ლოპეისკაიასა და გ. კრჩულოვას „პატარა წერო და საფრთხობელა", ნ. ღვინეფაძის „ჩვენი აიბოლიტი", მ. აბრამიშვილის „ნიშხა, ნიშხა, ბარბალუკა" და სხვ.
II მსოფლიო ომის წლებში (1939-45) თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები - კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი", „გემრიელი სადილისათვის", ვ. სუხოდოლსკის „ქარიშხალში" და სხვ. 1940-იდან იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის - ს. ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჟენსკის „დიდი ივანე", ნ. გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამპარი". ა. ბელიაშვილის „სვანეთის მთებში" და სხვ. ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას (სათითურებიანს, ტროსტებიანს, მარიონეტებს, ნიღბებს, ე.წ. „შავ კაბინეტს" და „ცოცხალ პლანს" _ მსახიობი თოჯინასთან ერთად). 1960-იდან თ. ქ. თ. არის უნიმა-ის (თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშ. ასოციაცია) წევრი. მისთვის კადრებს ამზადებს საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტი. 1994 თ. ქ. თ-ს მისი დამაარსებლის გ. მიქელაძის სახელი მიენიჭა და ეწოდა თბილისის გ. მიქელაძის სახ. თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი, 1995 – თბილისის გ. მიქელაძის სახ. თოჯინების სახელმწიფო თეატრი, 2013-იდან კი – ახლანდელი სახელი. 1999–2012 თეატრის ხელმძღვანელი იყო რეჟ. თ. ბადრიაშვილი. 2013–17 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟ. ე. მაცხონაშვილის ინიციატივით შემოქმედებითი კოლექტივი გადახალისდა და შეივსო ახალგაზრდა მსახიობებით.
2017-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟ. ნ. საბაშვილი. დასში ირიცხებიან (2017 წლის მონაცემებით) მსახიობები: დები - თ. ბაქრაძე, თ. ბაქრაძე, მ. გაბუნია, თ. კიწმარიშვილი, ი. კუკულაძე, მ. მალხაზიშვილი, გ. მეძმარიაშვილი, ნ. ნატროშვილი, ნ. პაპიაშვილი, მ. სულხანიშვილი, ნ. შეშაბერიძე, მ. ძაგნიძე-ბიჭიაშვილი, მ. წიკლაური, ნ. ხმიადაშვილი, გ. ტალახაძე, ვ. ჭელიძე, გ. ღონღაძე. 2000-ის შემდეგ თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. აბრამიშვილის „ზღაპარი წითელქუდაზე" (რეჟ. გ. სარჩიმელიძე, მხატვარი თ. ჰაინე), „ვარსკვლავი" (რეჟ. მ. ლორთქიფანიძე, მხატვარი გ. აბაკელია), „გედების ტბა" (რეჟ. შ. ცუცქირიძე, მხატვარი თ. ჰაინე), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა" (რეჟ. ვ. მაღლაფერიძე, მხატვარი გ. აბაკელია), მ. ნატროშვილისა და მ. აბრამიშვილის „ფეხბურთელი ბაჭია" (რეჟ. ვ. მაღლაფერიძე, მხატვარი თ. ჰაინე), თ. სოლოღაშვილის „ბურატინო" (რეჟ. გ. სარჩიმელიძე, მხატვარი ო. ყუფუნია). გ. მაცხონაშვილის „13 თიბათვისა" (რეჟისურა და სცენოგრაფია გ. მაცხონაშვილის), ო. ჰენრის „გამოუქვეყნებელი ნოველა" (რეჟ. ე. მაცხონაშვილი, მხატვარი ვ. ქორიძე), ნ. საბაშვილის „საქართველო" (რეჟისურა და სცენოგრაფია ნ. საბაშვილის). წლების განმავლობაში თეატრის მთ. რეჟისორი იყო გ. სარჩიმელიძე; დამდგმელი რეჟისორები: მ. დანიელაშვილი, შ. ცუცქირიძე, ნ. იონათამიშვილი, ვ. მაღლაფერიძე, ა. ჩხიკვაძე და სხვ.; მთ. მხატვრები: ი. მდივანი, რ. კონდახსაზოვი, გ. აბაკელია. ცალკეულ დადგმებზე მიწვეული იყვნენ მხატვრები: მ. გოცირიძე, მ. ბერძენიშვილი, მ. მალაზონია, ნ. ყაზბეგი, ვ. ფეტვიაშვილი, თ. ჰაინე და სხვ.; სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებდნენ: კომპ. მ. დავითაშვილი, ლ. იაშვილი, ს. მირიანაშვილი, ა. შავერზაშვილი და სხვ. თ. ქ. თ. წარმატებით მონაწილეობს თოჯინების თეატრების ადგილობრივ და საერთაშ. ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში.
თ. კახიანი
შ. ცუცქირიძე