თრანი

თრანი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ერწოს ქვაბულის სამხრ. ნაწილში, მდ. თრანულის (ივრის აუზი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1080 მ თიანეთიდან 30 კმ. 88 მცხ. (2014).

თ. წყაროებში X ს-იდან იხსენიება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სვეტიცხოველს ეკუთვნოდა. აქ აღმოჩენილი ნამოსახლარებისა და სამაროვნების მიხედვით ჩანს, რომ ერწო-თიანეთის ეს ნაწილი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. თ. მონღოლებმა ერწო-თიანეთის სხვა სოფლებთან ერთად დაარბიეს. ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ თ. კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო.XVII ს-ში, შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს, თ. დაიცალა. შემდეგ აქ დაიწყო მთიელთა მიგრაციის პროცესი, რ-იც XIX–XX სს-შიც გაგრძელდა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.