თრიალეთის ქედი, ქედი მცირე კავკასიონის ჩრდ. პერიფერიაზე, ახალციხისა და თბილისის ქვაბულებს შორის. იწყება საბადურის ქედით და მთავრდება თბილისთან თელეთის ქედით. სიგრძე 180 კმ. სიგანე 20–32 კმ. აგებულია ძირითადად პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დას. ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. თ. ქ-ის მთავარი განშტოებებია: დას. ნაწილში – გვირგვინა, საბადური, ჭობარეთი; აღმ. ნაწილში – საწკეპელა, დიდგორი, თელეთი. თ. ქ-ის უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვ.) სიმაღლე 2300–2800 მ აღწევს. თ. ქ-ის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო (2454 მ). რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკ. წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვ. ქედის ჩრდ. კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რ-თა აბსოლ. სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200–1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი – ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200–1300 მ-იდან 2000–2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპ. და ალპ. ბალახეულით.
შ. ცხოვრებაშვილი