თრიმლი (Cotinus), მცენარეთა გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. შეიცავს ორ სახეობას. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა – C. coggygria ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან პატარა ზომის ხეა. წვრილი, მომწვანო ყვავილები აქვს. ნაყოფი კურკიანაა. გვხვდება საქართვ. თითქმის ყველა რაიონში, გარდა გურიის, ქვემო იმერეთისა და სამეგრელოსი. მთებში ვრცელდება ზ.დ. 900–1000 მ-მდე, გვალვაგამძლე, სითბოს და სინათლის მოყვარულია. აღმ. საქართველოში ნათელი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. გვხვდება აგრეთვე ბუჩქნარებში, გამეჩხრებულ მუხნარებში და ჯაგრცხილნარებში. იზრდება კლდეებსა და ნაშალზე. მრავლდება თესლითა და ამონაყრით. ფოთლები გამოიყენება ტყავის მოსათრიმლად. მერქანი მოყვითალოა, იყენებენ სახარატო საქმეში; მერქნისაგან მიღებულ საღებავს – ტყავისა და მატყლის შესაღებად. დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომით, როდესაც ფოთლები მთლიანად უწითლდება. იყენებენ მშრალი ფერდობების გასამწვანებლად და გასამაგრებლად.
მ. ლორია