თურანი

თურანი, ნასოფლარი ისტ. თრიალეთში, წალკის მუნიციპალიტეტში (ამჟამინდელი სოფ. თეჯისის აღმ. ნაწილი), მდებარეობს ბეშქენაშენისწყლის (მდ. ქციის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. შენაკადის ნაპირზე. ორი მეზობელი სოფელი – ერანი და თურანი – მოგვიანებით გაერთიანდა ერან-თურანის სახელწოდებით. 1529 ერთი საბუთის მიხედვით, ლუარსაბ I-ს თრიალეთის ნასოფლარი თ. გაუთავისუფლებია ყოველგვარი სამეფო ხარჯისაგან და შეწირულება მიუბარებია დეკანოზ სვიმონ შოთაშვილისა და მისი ძმებისათვის. ქართლის მეფის მიერ ატოცის წმ. გიორგისადმი შეწირული ნასოფლარი თ. აუშენებია გივი თუმანიშვილს; ამიტომ მეფემ მას თ-ის მოურავობა უბოძა, ატოცის დეკანოზმა ნათანმა კი ამ მოურავობის მოუშლელობის პირობა დადო. იმავე გივი თუმანიშვილის წერილში ქაიხოსრო დეკანოზისადმი ჩანს, რომ გივის თ-ში 20 კომლი კაცი დაუსახლებია. სათიბსა და საზღვარზე მეზობელ სოფელთან ცილობა შექმნილა. თუმანიშვილის ცნობით, სათიბის შენარჩუნების შემთხვევაში სოფელში კიდევ დასახლდებოდა და ეკლესიას შეემატებოდა 60 კომლი.

დასტურლამალის მიხედვით, ერანი და თურანი უკვე სახასო ნასოფლარები იყო. სოფლის 4 ეკლესიიდან ორის მხოლოდ ბუდეა გადარჩენილი, მესამე უხეშად ნათალი ქვით ნაგები დარბაზული შენობაა, გვიან გადაკეთებული. მისი გალავანი ერთმანეთზე უხსნაროდ დალაგებული დიდი ლოდებისაგან შედგება. გორაზე არის მეოთხე ორი ტოლნავიანი დარბაზული ეკლესია; ორივეს საკურთხეველში სატრაპეზო ლოდებია, შესასვლელები სამხრეთიდანაა. კედლები ნაგებია დიდი ლოდებით, სახურავი არა აქვს. სამხრ. ნავში 5 მ სიმაღლისა და 1,5 მ სიგანის სუფთად გათლილი მონოლითი დგას, ზედ ამოჭრილი მაღალი ჯვრით. ქვა ეკლესიის კედლებთან შედარებით ბევრად მაღალია, ირგვლივ მშრალად ნაწყობი დიდი ლოდების წრიული გალავანია, რ-საც 3 ქვით შედგენილი შესასვლელი აქვს. საფიქრებელია, რომ ეს ციკლოპური გალავანი თავიდან მენჰირს ერტყმოდა გარს; შუა საუკუნეებში კი მასზე ჯვარი ამოჭრეს და ირგვლივ ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების ეკლესია შემოაშენეს. ამჟამად თეჯისში XIX ს. 30-იან წლებში მოსული თურქულენოვანი მოსახლეობაა.

ლიტ.: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის I, თბ., 1964; რუხაძე ტ., პოეტი სვიმონ დეკანოზი, «ლიტერატურული ძიებანი», III, თბ., 1947; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ცსსა. ფ. 1451, საქმე №2, გვ. 652.

დ. ბერძენიშვილი