თურნავა სერგო ერისტოს ძე

თურნავა სერგო ერისტოს ძე (20. III. 1915, სოფ. ნათლისმცემლის უბანი, ახლანდ. აგარაკი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 14. II. 2001, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ქართ.-ფრანგ. ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი მთარგმნელი. საფრანგეთის არტურ რემბოს კულტ. ცენტრისა და კანადის საზ-ბის „ეკრიტიურ ფრანსეზ დან ლემონდის" წევრ-კორესპონდენტი (1981). დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი ფრანგული ენისა და ლიტ-რის განხრით (1940). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. ბ-კაში, 1966-იდან – რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტში; იკვლევდა უმთავრესად XIX ს. და აგრეთვე XX ს. ქართ.-ფრანგ. ლიტ. ურთიერთობათა საკითხებს. თ-ს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: „ანდრე სტილი" (1960), „XX საუკუნის ფრანგი მწერლები" (1962), „თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა" (1964), „რენე ლაფონი და საქართველო" (1969), „ანდრე სტილის შემოქმედებითი გზა" (1972), „ლიტერატურული ნარკვევები" (1978), „საზღვარგარეთული ქართველოლოგია" (1978), „ბედი ქართლისა" (1991) და სხვ.; თარგმანები: გერმანულიდან – ირმა ფესტერ-ტერმანის „მოგონებანი მამაჩემზე" (1958), ფრანგულიდან – (ა. ჭუმბაძესთან ერთად) „მორის ტორეზი – ხალხის შვილი" (1976).

თ. წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს როგორც ქართ. ისე უცხ. ჟურნალ-გაზეთებში ქართვ. მწერლებსა და მეცნიერებზე, კერძოდ, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ი. აბაშიძის, ნ. დუმბაძის, გ. ციციშვილის და სხვათა შესახებ.

თხზ.: საბჭოთა ქართველოლოგიის მიღწევები დასავლეთ ევროპის სამეცნიერო ლიტერატურაში, თბ., 1939; არტურ რემბო და ქართული საზოგადოებრიობა, ჟურნ. «კონტაქტი», პარიზი, 1980, N1258; კოლაუ ნადირაძე – ქართველი პოეტი, იქვე, 1980, N1149; ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები, თბ., 1999; XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999.