თურქული ენები, მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურულ ენებთან ერთად მიეკუთვნება ალთაურ ენათა მაკროოჯახს, რაც, ტიპოლოგიური მსგავსების გარდა, მათ ნათესაობასაც ითვალისწინებს. ენათა ამ გაერთიანებაში შეაქვთ. წინარე თურქულიდან მომდინარეობს 2 შტო: საერთო თურქული და ბულგარული; ბულგარულისაა ჩუვაშური, აწ მკვდარი ვოლგა-დუნაისპირეთის ბულგარული და ხაზარული. საერთო თურქულისაა: I. დასავლური (ყივჩაღური) ჯგუფის ენები: 1. ა) ყარაიმული, ყუმუხური, ყარაჩაულბალყარული, ნოღაური, ყირიმის თათრული, ყარაყალფახური, ყაზახური; ბ) ბაშკირული, თათრული (ყაზანის); 2. ყირგიზული; II. სამხრეთული (ოღუზური) ჯგუფის ენებია: თურქული, აზერბაიჯანული, თურქმენული, გაგაუზური; III. აღმოსავლური (უიღურული) ჯგუფის ენები: უიღურული, სალარული, სარი-იუღურული, უზბეკური; IV. ჩრდილოური (ციმბირული) ჯგუფის ენები: 1. ა) ალთაური; ბ) თუვიური, ყარაგასული; გ) ხაკასური, კამასიური, შორული, დოლგანური, ჩულიმურ-თურქული; 2. იაკუტური. ძველი, საშუალო და ახალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია, ორხონულ-ენისეური (რუნული), უიღურული, მანიქეური, ბრაჰმი, არაბული, ნესტორიანული, სლავური (კირილიცა) და ლათინური დამწერლობის ძეგლებით. ამათგან ორხონულ-ენისეური და ძველი უიღურული დამწერლობა საკუთრივ თურქული წარმომავლობისაა, თურქული ენებისათვის დამახასიათებელია ხმოვანთა ჰარმონია; ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. გრამატიკული მნიშვნელობები გადმოიცემა აფიქსაციით, რედუპლიკაციით, თხზვით, დამხმარე სიტყვებით, სიტყვათა წყობით, ინტონაციით და სხვ. თურქულ ენებს სქესის გრამატიკული კატეგორია არ გააჩნიათ; ყველა ენაშია კუთვნილების კატეგორია; წინადადება ნომინატიური წყობისაა, მსაზღვრელი პრეპოზიციულია საზღვრულისადმი. ჭარბადაა არაბულიდან, სპარსულიდან და მეზობელ ხალხთა ენებიდან ნასესხები სიტყვები. ძირითადი ლექსიკური ფონდი, ანდაზები და ხატოვანი სიტყვა-თქმანი თურქულ ენებში საერთოა. 220 მილიონი ადამიანი ერთნაირად ითვლის: ბირ, იკი, უც, დორტ/ ტორტ, ბეშ, ალტი, ყედი/ყედდი/ცეტი, სეკიზ, დოკუზ/ ტოკუზ, ონ... თურქული ენის პირველი ლექსიკონი (9000 სიტყვა) და გრამატიკის სახელმძღვანელო «Divanu Lugati’t – Türk»» 1072 წელს მაჰმუდ კაშგარელმა შეადგინა. თურქული ენები ორი ტიპისაა: ლიტერატურული და ხალხურ-დიალექტური. ლიტერატურული ენები ორი სხვადასხვაობითაა წარმოდგენილი: გავრცელების დიდი არეალებისა და ხანგრძლივი მოქმედების მქონეა ორხონისა და ენისეის წარწერათა ენა და ძველი უიღურული სალიტ. ენა, სოღდიურ ანბანზე აღმოცენებული მანიქეური დამწერლობითა და ბრაჰმი შრიფტით. ყარახანთა მუსლიმურ სახელმწიფოში (ცენტრით – კაშგარი) XI–XII სს-ში ჩამოყალიბდა ყარახანული სალიტერატურო ენა. XIII–XIV სს-ში სირდარიის ქვემო წელში და ნაწილობრივ ოქროს ურდოს ტერიტორიაზე აღმოცენდა ხორეზმული ლიტერატურული ენა, რ-შიც ბევრია ყივჩაღური წარმომავლობის ლექსიკა, ყველაზე მნიშვნელოვანი შუასაუკუნეების თურქული სალიტერატურო ენების განვითარების ისტორიაში ჩაღათაური ენის პერიოდი იყო... – და მცირე გეოგრაფიული და დროითი მასშტაბის მქონე ენები, რ-თაც საერთო ტრადიცია არ გააჩნიათ, მაგ., არაბული გრაფიკის მქონე სელჯუკურ ძეგლთა ენა, XIII–XIV სს. ეგვიპტისა და სირიის ყივჩაღური ძეგლები – მათ მამელუკურსაც უწოდებენ. ამავე პერიოდისაა ვოლგისპირეთის ეპიტაფიათა ენა. ლიტერატურულ ენათა გვერდით მოსახსენებელია ლათინური ანბანით ჩაწერილი Codex Cumanieus-ი, 1294 იტალიელი და გერმანელი ბერების მიერ შედგენილი ლათინურ-სპარსულ-ყივჩაღური ლექსიკონი, ახალი აღთქმის ნაწყვეტები, ლოცვათა თარგმანი და 50 გამოცანა. საუკუნეთა მიღმა დიალექტები სამწერლობო და ოფიციალურ ენებად იქცნენ. ეს ენებია: აზერბაიჯანული, ალთაური, ბალყარული, ბაშკირული, გაგაუზური, დოლგანური, თათრული, თუვიური, თურქმენული, თურქული, იაკუტური, უზბეკური, უიღურული, ურუმული, ყაზახური, ყარაგასული, ყარაიმული, ყარაყალფახური, ყარაჩაული, ყირგიზული, ყუმუხური, შორული, ჩუვაშური, ხაკასური და სხვ. ეს ენები მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს შეიცავენ. ეთნიკური თურქები საკუთარ ლექსიკურ ფონდში არსებული ძირითადი სიტყვების მეშვეობით ერთმანეთთან კომუნიკაციას თავისუფლად ამყარებენ.
ქართველების ურთიერთობას თურქულენოვან სამყაროსთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ომებს მშვიდობიანი პერიოდი მოჰყვებოდა, იცვლებოდა კულტურულ-შემეცნებითი ინფორმაცია, რაც ილექებოდა ენობრივ ქსოვილზე და ამდიდრებდა ლექსიკას. ქართველურ სინამდვილეში დადასტურებული თურქული წარმომავლობის ლექსემათა ერთობლიობა – იქნება ეს დიალექტები თუ ქართული სალიტ. ენა კონკრეტულ ისტორიულ ჭრილში, მხოლოდ გვარის ფუძეს შემორჩენილი თუ საუკუნეთა განმავლობაში დესემანტიზებული პირის სახელი, მეთევზეობასა თუ მომთაბარე მეცხოველეობასთან დაკავშირებული ტერმინები, პროფესიათა სახელდება, კერძების სახელწოდებები, ზოოფორული სახელები თუ ფიტონიმები და სხვ. – გულისხმობს არა მხოლოდ ანატოლიელ თურქებთან, აზერბაიჯანელებთან, ყუმუხებთან, ნოღაელებთან, ყარაჩაელებსა და ბალყარებთან, არამედ გადაშენებულ ჰუნებთან თუ პაჭანიკებთან, ხაზარებსა და ყივჩაღებთან სხვადასხვა სახის კონტაქტების შედეგად დამკვიდრებულ სიტყვებს. ესენია: აზმანი, ათაბაბა, ათაბაგი და სხვ., ხოლო ანატოლიური თურქულის ჩრდილო-აღმოსავლურსა და აზერბაიჯანულის დიალექტებში ქართულიდან შესულია შემდეგი ლექსემები: აბლაბუდა, ალაგი, ანწლი, არეული, ასკილი, აჭრილი, ახო, ბალბა და სხვ.
ქართველურ ანთროპონიმიაში მოკვლეულია 400-ზე მეტი თურქული წარმომავლობის ერთეული: ათაბეგა, ალთუნა, აფაქ, ბეგა, ბედუკა, და სხვ. თურქიზმების ადაპტაცია საკუთარ სახელებში ხდება მაანთროპონიმებელი -ა სუფიქსით, ხოლო თურქული ლექსემის შემცველ გვართა ფუძეებს ერთვის – -შვილი, -ძე, -ია, -იანი, -ური და სხვ. საგვაროვნო ფორმანტები: ქუჩუკა <თურქ. küçük ‘პატარა’ – ქუჩუკაშვილი, შიშმანა <şişman ‘მსუქანი’ – შიშმანაძე, დემურ <თურქ. demür‘რკინა’ – დემურია, გელბახ <თურქ. gel bak ‘მოდი ნახე’ – გელბახიანი, ბუჩუკ <თურქ. buçuk ‘ნახევარი’ – ბუჩუკური და სხვ. დღეს ქართველთა ონიმიას გვარებში სამუდამოდ დამკვიდრებული თურქული ლექსემების გვერდით პირის სახელთაგან მხოლოდ ასლანი, ელგუჯა, თემური, თენგიზი, ყაფლანი და ხათუნა შერჩა.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ც., სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის სიტყვანის თურქული თარგმანები, თბ., 1965; გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი ე., ზოგიერთი ქართველური ლექსიკური ელემენტის შესახებ თურქულ დიალექტებში, «თსუ შრომები», 1967, ტ. 7; გ უ რ გ ე ნ ი ძ ე ნ., თურქული ნასესხობები აჭარულსა და გურულ დიალექტებში, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1968, N4; მ ი ს ი ვ ე, დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ., 2016; თ უ შ მ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., თურქიზმები იადიგარ დაუდსა და სააქიმო წიგნში, თბ., 1999; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ქ., თურქიზმები კლასიკური პერიოდის ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში, «მაცნე», ენისა და ლიტ. სერია, 1993, N3; რ უ ხ ა ძ ე ლ., თურქული ნასესხობები ქართულ სალიტერატურო ენაში, თბ., 2013; შ ა ყ უ ლ ა შ ვ ი ლ ი გ., ეტიუდები ძველი თბილისის ლექსიკიდან, თბ., 2006; ჯ ა ნ გ ი ძ ე ვ., ქართული ნასესხობები აზერბაიჯანულ ენაში, «თსუ შრომები». აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 118, 1967; მ ი ს ი ვ ე, თურქული ლექსიკა იოანე ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო განმარტებით ლექსიკონში, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1986, N4; მ ი ს ი ვ ე, ქართული ლექსიკა თურქული ენის დიალექტებში, იქვე, 1980, N2; მ ი ს ი ვ ე, ქართული ლექსიკური სუბსტრატული ფენის კვლევის მნიშვნელობა აზერბაიჯანული და თურქული ენების ისტორიის შესწავლისათვის, იქვე, 1988, N3; ჯ ი ქ ი ა მ., თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიაში, თბ., 2008; ჯ ი ქ ი ა ს., აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან: I. – «ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები», 1960, ტ. 3; II. «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1984, N4.
მ. ჯიქია