თუღანოვი მახარბეკ საფარის ძე [11. VI. 1880 (ან 1878), სოფ. დურ-დური, ჩრდ. ოსეთი, – 4. VII. 1952, ქ. ორჯონიკიძე (ახლანდ. ვლადიკავკაზი)], ოსი ფერმწერი, გრაფიკოსი, მკვლევარ-ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ჩრდ. ოსეთის სახ. მხატვარი (1946), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1940). 1898 დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1907-იდან – მიუნხენის ა. აჟბეს სტუდიაში. 1930-იდან მოღვაწეობდა საქართველოში (ცხინვალი). იყო თბილისში დაფუძნებული ოსური გაზ. „ნოგ ცარდი" („ახალი ცხოვრება") ერთ-ერთი დამაარსებელი და აქვე გამოუშვა მისი პირველი ნომრები. 1932–52 იყო საქართვ. მხატვართა კავშირისა (1934–50 – მისი პრეზიდიუმის წევრი) და 1943–52 – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სამხრ. ოსეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი. მხატვრულად გააფორმა ნართული ეპოსი, თქმულება ამირანზე, ოსური ხალხ. ზღაპრები და ა. შ. 1900 შექმნა ილუსტრაცია („ტარიელის და ჯიქის შერკინება"), რ-იც შესულია „ვეფხისტყაოსნის" ადაპტირებულ რუს. გამოცემაში (სანქტ-პეტერბურგი 1901) მასვე ეკუთვნის კომპოზ. დ. არაყიშვილის პორტრეტი (1937). თ-ის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1935, 1956, 1962). თ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მოღვაწეობას ოსეთისა და კავკ. ხალხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ნართული ეპოსის, ხალხ. შემოქმედების ისტორიის და სხვ. დარგში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე ლ., ქართულ-ოსური კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების ისტორიისათვის (მახარბეკ თუღანოვი და საქართველო), თბ., 2009; Х а к и м М., Махар бек Туганов – народный художник Осетии, Орджоникидзе, 1962.
ლ. ურუშაძე