თუღი, გრძელ ტარზე წამოცმული ოქროს, ვერცხლის ან მოოქროვილი სპილენძის ბურთულა, რ-საც ზემოდან დამაგრებული ჰქონდა ნახევარმთვარე, ხოლო ქვემოთ, ტარზე – ცხენის ძუის კონები; ოსმალეთში ანიჭებდნენ მაღალი თანამდებობის მოხელეებს ძალაუფლების ნიშნად. კანონით ზუსტად არ იყო დადგენილი თ-თა რაოდენობა, მაგრამ ფადიშაჰს (სულთანს) შვიდ თ-ზე ნაკლები არ შეიძლება ჰქონოდა, დიდ ვეზირს ხუთი თ. ეკუთვნოდა, ვეზირებს სამი თ. ჰქონდათ, ხოლო ფაშებს, ღირსების მიხედვით – ერთი, ორი ან სამი თ. ერთთუღიანი ფაშა, უმეტეს შემთხვევაში მირ-ლივა (სანჯაყბეგი) იყო; ორთუღიანი – მირ-მირანი (ბეგლარბეგი, ვალი); სამთუღიანი – ვეზირი და ვეზირის ხარისხით ვილაიეთის ბეგლარბეგად დანიშნული ფაშა. თ. ეძლეოდათ უვადოდ და მის მფლობელს შესაბამისი ამალაც ეკუთვნოდა. ახალციხის (ჩილდირის) საფაშოს (საბეგლარბეგოს) განაგებდა ორ და ზოგჯერ სამთუღიანი ფაშა: „ისაყ ფაშას არღარა აქუნდა ვეზირობა სამის თუღითა, გარნა იყო ორთუღიანი პირველისამებრ" (ვახუშტი).
ლიტ.: გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი ო., ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან, თბ., 1982; ე ვ ლ ი ა ჩ ე ლ ე ბ ი, მოგზაურობის წიგნი, გ. ფუთურიძის გამოც., ნაკვ. 2 – გამოკვლევა, კომენტარები, თბ., 1973; ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული წყობა და პროვინციული მართვა-გამგეობა XVI ს-ში, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1963.
მ. სვანიძე