თუშაბრამიშვილი დავით მიხეილის ძე

თუშაბრამიშვილი დავით მიხეილის ძე (1. VI. 1922, სოფ. შრომა, ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, – 20. VII. 1992, თბილისი), არქეოლოგი, საქართვ. და კავკასიის ძვ. ქვის ხანის მკვლევარი. ისტ. მეცნ. კანდიდატი, საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი. აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი (1955–70), არქეოლ. განყ-ბის ხელმძღვანელი (1973–89) და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1989–92), საქართვ. არქეოლ. კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვანელი (1984–87) და უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1989–92). სხვადასხვა დროს ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი.

თ-ის სახელთან დაკავშირებულია ქვის ხანის მრავალი ძეგლის აღმოჩენა-შესწავლა; მუზეუმის არქეოლ. განყ-ბის ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა, მუზეუმის არქეოლ. გამოფენაზე ქვის ხანის ექსპოზიცია; საქართველოში ქვის ხანის სპეციალისტების აღზრდა.

ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. მონოგრაფია და სტატიები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „საქართველოს სსრ წითელი წიგნის" მომზადებასა და გამოქვეყნებაში. თ-ის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზ-ბის განვითარებისა და განსახლების შესწავლაში.

მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები აკად. ივ. ჯავახიშვილის მედალი და სხვ.

ლ. მოლოდინი