თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები, შეიქმნა 2003. აერთიანებს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკს და დაცულ ლანდშაფტს. თუშეთის ეროვნ. პარკის ფართობია 83,453 ჰა მოიცავს მთავარი კავკასიონის გვერდითი ჩრდილოეთ (პირიქითა) ქედის სამხრ. კალთებს, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მათ შორის არსებულ თუშეთის ქვაბულსა და სპეროზას ქედს. თუშეთის სახელმწ. ნაკრძალის ფართობის 10,694 ჰა მოიცავს პირიქითის ალაზნის, გომეწრის ალაზნის და ჭანჭახოვანის ხეობებს, სოფლებს – ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთას და ხისოს მიმდებარე მასივებს, პირიქითის ალაზნის შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის ორივე ფერდობზე არსებულ ტყეებს. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობია 27,903 ჰა. მოიცავს თუშეთის ყველა სოფელს, ასევე ქვახიდისწყლის, ლაროვნისწყლის, გომეწრის ალაზნის სათავისა და წოვათისწყლის ხეობებში არსებული მწყემსების საზაფხულო ბინებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. დაცული ლანდშაფტის დანიშნულებაა არ დაიკარგოს თუშეთის სოფლების ტრად. იერსახე, შენარჩუნდეს ბუნებრივი და ისტ.-კულტ. ლანდშაფტები, გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განვითარდეს ტურიზმი და მოხდეს ტრად. სამეურნეო დარგების წახალისება. თ. დ. ტ-ის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია, მცენარეთა 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში გვხვდება. თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნ. პარკში გავრცელებულია საქართვ. ენდემები: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, დათვისთხილა, შროშანი, თუშური ასკილი, თებულოს ბაია, ანას კლდისვაშლა და სხვ. თ. დ. ტ-ში ხშირია ფიჭვნარი, თითქმის არ არის ფართოფოთლოვანი ტყე. ფიჭვნარები თუშეთის ქვაბულის ფსკერზე მიმდინარე ალაზნის ნაპირებიდან ასდევს მთის ფერდობებს და ზღვის დონიდან 2000–2200 მ აღწევს, სადაც ფიჭვის ტყეს არყნარი ცვლის, 2300 მ-ზე მაღლა ხშირი დეკის ბუჩქნარია, არყის ხეები იშვიათ ცირცველთან ერთად მეჩხერად არის წარმოდგენილი, ტყეების ქვედა იარუსში უფრო ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელი მცენარე ლინეა გვხვდება. ტყის ზოლი 2600 მ-ზე ალპ. და სუბალპ. ზონების საზღვარზე წყდება, რ-ის ზევით მხოლოდ ალაგ-ალაგ იზრდება მოცვის და კენკრის მცირე ბუჩქები, კარგად ხარობს დეკის ბუჩქნარი.

3000 მ-ზე ოდნავ მაღლა ბალახეული საფარი ადგილს უთმობს ადგილის ნაშალს, ქვა-ღორღს და ვულკ. წარმოშობის მორენებს. თუშეთის მწვერვალები: დანოს მთა, ქომიტო და დიკლოს მთა 4000 მ-ზე მაღალია და მარადიული თოვლით არის დაფარული.3000 მ-ზე მაღლა გვხვდება კავკ. ჯიხვი. მთის ფერდობებზე სახლობს კიდევ ერთი ენდემი – კავკ. შურთხი. სუბალპ. და ალპ. ზონების საზღვარზე, დეკიანებში, ბინადრობს არჩვი (ფსიტი). თ. დ. ტ. ნიამორის უკანასკნელი თავშესაფარია – რამდენიმე ათეული ბინადრობს მთის მდინარეების მიერ გაჭრილ ციცაბო, ფიჭვითა და ბუჩქნარით დაფარულ კლდეებზე, რ-ებიც აქ მრავლადაა. მსხვილი ჩლიქოსნებიდან ხშირია შველი, უფრო იშვიათია ირემი. დაღესტნიდან ხშირად მიგრირებს გარეული ღორი. მტაცებელი ცხოველებიდან ბინადრობენ: კლდის და ტყის კვერნა, მურა დათვი, მელა, მგელი, ფოცხვერი.

თ. დ. ტ. მდიდარია ფრინველებით. სუბალპ. და ალპ. ზონების საზღვარზე, დეკიანებში, გვხვდება ენდემი – კავკ. როჭო. ბინადრობენ: წყლის შაშვი, ნისკარტმარწუხა, წითელთავა მთიულა, მთის მწყერჩიტა, წითელფრთიანი კლდეცოცია, კაკაბი, რამდენიმე სახეობის ბუ, ჩვეულებრივი კირკიტა, კაკაჩა, შევარდენი, მიუვალ კლდეებზე – ორბი, მთის არწივი და ბატკანძერა.

ლიტ.: საქართველოს ბუნება, თბ., 2013.