იაკობ ხუცესი (ცურტაველი) V ს. II ნახევრის ქართველი მწერალი ჰაგიოგრაფი. ავტორია „შუშანიკის მარტვილობისა" („წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ"), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართ. ორიგინ. ძეგლისა რ-შიც აღწერილია თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას დაგმო თავისი სარწმუნოება სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე. ი. ხ-ის შესახებ ცნობები შემონახულია თავისსავე ნაწარმოებში საიდანაც ჩანს რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი შუშანიკთან დაახლოებული პირი; ქართლის პიტიახშის კარზე დაბა ცურტავში მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476–83, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ რომ უფრო გვიან ი. ხ. გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლ. კრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა. შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. „შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართ. ლიტ-რის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართ. კულტურისათვის.
ი. ხ. მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლ. ანალიზი მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება ცხოვრებისეული მოვლენების შეუფარავი ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფური წარმოჩენა ლაკონური სტილი და მდიდარი ლექსიკა გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამ. ინტონაციებით დატვირთული დიალოგები მაღალი ესთეტ.-ლიტ. გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის ი. ხ-ის ტალანტს ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართ. ლიტ. ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად ი. ხ-მა ჰაგიოგრაფიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნ. ინტერესების დამცველ ქალად რ-იც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტ.-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ თავისი ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნ.-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. შუშანიკი მისაბაძი მაგალითი უნდა გამხდარიყო შთამომავლობისათვის. ნაწარმოებში მხილებულია ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად მწერალი გვაძლევს V ს. ქართლის ყოფა-ცხოვრების სურათებს ასახავს ქვეყნის პოლიტ.-ეკონ. და სოც. მდგომარეობას საეკლ. ორგანიზაციას ზნე-ჩვეულებებს კულტ. ვითარებას. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტ. წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის რომ იგი არ უნდა ყოფილიყო ი. ხ-ის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი მით უმეტეს რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. „შუშანიკის მარტვილობა" ადრევე ითარგმნა სომხ. ენაზე. ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხ. მოკლე რედაქცია. არსებობს „შუშანიკის მარტვილობის" მოკლე ქართ. რედაქციაც რ-იც სომხ. მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940-ისა.
პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად – კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად – ს. წულაძემ ინგლისურად – ე. ფულერმა გერმანულად – ნ. ამაშუკელმა ესპანურად – ა. მარტინესმა უნგრულად – მ. იშტვანოვიჩმა; ინგლ. პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართ. საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა „შუშანიკის წამების" დაწერის 1500 წლისთავი ეს თარიღი 1979–83 იუნესკოს გადაწყვეტილებით მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა.
თხზ.: მარტვილობაჲ შუშანიკისი ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1938; თბ., 1978; [წიგნში] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წგ. 1, თბ., 1963.
ლიტ.: ბარამიძე ა., „შუშანიკის წამების" ახლებური გაგების გარშემო «მნათობი», 1978, №10; ბარამიძე რ., ქართული მწერლობის სათავეებთან თბ., 1978; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია ტ. 1, თბ., 1960; ონიანი შ., იაკობ ხუცესის „წამება წმიდისა შუშანიკისი", თბ., 1978; შუშანიკის წამება. საიუბილეო კრებული. გამოკვლევები და წერილები თბ., 1978; ჭილაძე თ., იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება", თბ., 1978; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად ტ. 8, თბ., 1977.
ლ. მენაბდე