იაშთხვა

იაშთხვა, პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო ქ. სოხუმის ჩრდ-ით 2 კმ-ზე, ოსტროუმოვის ხეობასა და იაშთხვისა და ბირცხის მთებს შორის, ზ. დ. 80 – 140 მ.

არქეოლ. კვლევა-ძიება ჩატარდა 1935–38 (ს. ზამიატნინი). ძეგლზე, რ-ის ფართობია რამდენიმე ჰა ს. ზამიატნინმა გამოყო 14 პუნქტი, სადაც თავმოყრილია ქვის მასალა. ნივთების დიდი ნაწილი ნაპოვნია მიწის ზედაპირზე, ნაწილი – გათხრების შედეგად. მასალად გამოყენებულია დანიური იარუსის კაჟი. ი-ის კოლექციაში აშელის, მუსტიეს და ზედა პალეოლითის ხანის რამდენიმე ათასი ქვის ნივთია. ანატკეცებისათვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები, ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. შედარებით მცირეა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვ. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.

1958 ი-ზე აღმოჩნდა (ნ. ბერძენიშვილი) ახ. პუნქტები, სადაც ნაპოვნია მრავალრიცხოვანი ქვის ნაწარმი (მ. შ. აშელის ადრინდ. პერიოდის ხელცულები). 1961–65 გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითური ხანის მასალის თავმოყრის პუნქტები (ი. კორობკოვი).

ლიტ.: Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის ლიტერატურისა და ისტორიის ინ-ტის შრომები» 1959, ტ. 30; Замятнин С. Н., Палеолит Абхазии, «Труды Ин-та абхазской культуры», 1937, в. 10; Коробков И. И., Итоги пятилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археология», 1967, № 4.

დ. თუშაბრამიშვილი.