იბერიის თემი

იბერიის თემი (ბერძნ. Théma Ibērias),იბერიის საკატეპანო, ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XI ს-ში, შეიქმნა კეისარ ბასილი II-ის დროს დავით III კურაპალატის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ. ი. თ-ში შედიოდა: იმიერტაო, ჩრდ. ბასიანი, ოლთისი, თორთომი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ჯავახეთი და ე. წ. „ზემონი ქუეყანანი" – არაქს-ევფრატის აუზში მდებარე ვრცელი ტერიტორია, რ-იც ეთნიკურად არაერთგვაროვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. მოგვიანებით ი. თ-ის შემადგენლობაში შევიდა კლარჯეთის ნაწილი, ხოლო კონსტანტინე X მონომაქოსის დროს (1042-55) – შირაქის სამეფო ქ. ანისით, რ-იც ი. თ-ის დედაქალაქად იქცა.

ი. თ-ის შესახებ ისტ. წყაროებში ცნობები მწირია. სტრატიგოსებისა და სხვა თანამდებობის პირთა სია გარკვეულად ივსება სფრაგისტიკული მასალის საფუძველზე.

ი. თ-ის მმართველს ჰყავდა გადასახადის ამკრეფნი და თანაშემწეები სამოქალაქო და სამხ. საქმეებში. მ. შ. აღმ-ის დიდი დომესტიკოსი. რეგულარული ბიზანტ. გარნიზონის გარდა ი. თ-ს ადგილ. მოსახლეობის ჯარიც იცავდა, რის სანაცვლოდაც გადასახადისაგან თავისუფალ სახელმწ. მიწის ნადელს ღებულობდა.

ი. თ-ს ჩრდ.-აღმ-ით ესაზღვრებოდა ქართველთა (საზღვარი ბანის წყალზე გადიოდა) და ვანანდის სამეფოები, დას-ით – ბიზანტ. ადმ. ერთეული – ქალდიის თემი, სამხრ.-დას-ით და სამხრ.-აღმ-ით – ტარონისა და ვასპურაკანის ოლქები. ი. თ-ის შექმნით ბიზანტიამ გაამაგრა იმპერიის ჩრდ.-აღმ. საზღვრები და შექმნა სამხ. პლაცდარმი სომხ. სამეფო-სამთავროებისა და საქართველოს წინააღმდეგ. ი. თ-მა არსებობა შეწყვიტა თურქ-სელჩუკთა შემოსევების შედეგად დაახლ. 1072–74. მისი ბოლო მმართველი იყო გრიგოლ ბაკურიანისძე.

წყარო: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974; გიორგი კედრენე, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963: Всеобщаяистория Степаноса Таронского, Асохика по прозванию писателя Х1 столетия. Пер. с арм. Н. Эмина М., 1864.

ლიტ.: კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970 – 1070 წწ., თბ., 1969; ნოდია ი., იბერიის საკატეპანოს დაარსება, «თსუ შრომები», 1974, ტ. 155 – 156; Степаненко В. П., Алексеенко Н. А., Фема Иверия в ХI в. (по данным сфрагистики) «Античная древность в средние века», 2009, вып. 39.

ი. ნოდია