იბნ ისფანდიარი (XII–XIII სს. მიჯნა), სპარსელი მემატიანე. ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა ტაბარისთანის პროვინციის მფლობელის, არდაშირ იბნ ჰასანის (1172–1202) სამსახურში.
ავტორია თხზულებისა „ტაბარისთანის ისტორია" („თარიხ-ი ტაბარისთან"). თხზულება შეიცავს ვრცელსა და ძვირფას ინფორმაციას 1210-მდე ტაბარასთანის პროვინციის პოლიტ. და სოც.-ეკონ. ისტორიის, ლიტ-რის და საზოგადოდ კულტ. ცხოვრების შესახებ. მასში მოიპოვება საგულისხმო მასალები XII ს. საქართველოს ისტორიისათვის. ჩვენთვის საინტერესოა თხზულების III ნაწილი, სადაც არდაშირ იბნ ჰასანის ზეობის წლებში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. ამ ნაწყვეტში მოხსენიებულია თამარ მეფე, მისი ლაშქრობები განჯა-არანის მიდამოებში და ციტირებულია ნიზამი განჯელის ერთი ბაიათი, რ-ის შინაარსი თამარ მეფეს და ილდეღიზიან აბუ ბაქრს შეეხება.
ი. ი. თამარ მეფის ვინაობაზე საგანგებოდ ჩერდება. აღნიშნავს როგორც მის მდგომარეობას და ტიტულს „თბილისის და აბხაზის ფადიშაჰი", ისე სახელსაც – „ტამარ". თამარ მეფის სახელით მოხსენიების სულ რამდენიმე შემთხვევაა დღესდღეობით დადასტურებული აღმ. წყაროებში, მ. შ. ი. ი-ის მოწმობა ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელია. ი. ი-ის მოცემული აქვს თამარ მეფის დიპლომატიური ურთიერთობა არდაშირ იბნ ჰასანთან, ხოლო მისი შუამავლობით – ხორეზმშაჰ თექეშთან. ის ფაქტი, რომ ტაბარისთანის მფლობელი ხორეზმშაჰის კარზე სხვა ძვირფასეულობასთან ერთად თბილისურ სატანსაცმლე ქსოვილებსაც გზავნის საგულისხმოა, ერთი მხრივ, იმდროინდელ თბილისში და საზოგადოდ საქართველოში საფეიქრო წარმოების დონის განსაზღვრისა და, მეორეს მხრივ, ირანისა და შუა აზიასთან საქართველოს სავაჭრო-ეკონ. და კულტ. ურთიერთობის გაშუქებისათვის. განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ ტაბარისთანშია გავრცელებული თბილისური ქსოვილები და სწორედ აქედან ხდება მათი გადაგზავნა აღმოსავლეთის სხვა უფრო შორეულ მხარეში – ხორეზმში. ეს არის XII ს. 80-იანი წლების დამდეგის ფაქტი. „თბილისური ქსოვილების" გავრცელების ამბავზე უადრესი მოწმობა აღმ. მატიანეებსა თუ გეოგრ. თხზულებებში ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
ლიტ.: ბერაძე გ., მასალები XII ს. საქართველოს ისტორიისათვის იბნ ისფანდიარის თხზულებაში, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. I, თბ., 1976.
გ. ბერაძე