იბნ რუსთა

იბნ რუსთა, აბუ ალი აჰმად იბნ უმარ, IX –X სს. არაბულენოვანი გეოგრაფი, წარმოშობით სპარსელი.

ი. რ-ს ეკუთვნის მრავალტომიანი, ენციკლოპედიური შინაარსის ნაშრომი „წიგნი ძვირფასი ნივთების შესახებ" („ქითაბ ალ-ალაკ ან-ნაფისა"). მიკვლეულია ამ მრავალტომეულის მხოლოდ მეშვიდე ტომი, მიძღვნილი ასტრონომიისა და გეოგრაფიისადმი. სავარაუდოდ, ნაშრომი დაწერილია 903–913, გამოსცა მ. დე გუამ 1892.

მუსლ. ქვეყნების გარდა, ნაშრომში აღწერილია სხვა ქვეყნებიც, მ. შ. საქართველო და სამხრ. კავკასია. აღწერილია მდ. მტკვარი არაქსთან ერთად. ი. რ-ს მცდარი წარმოდგენით, მტკვარი სათავეს ალანთა ქვეყანაში (თანამედროვე ჩრდ. ოსეთი) იღებს. ჩამოთვლილია სამხრ. კავკასიის ოლქები (ქუვარ), კერძოდ, დასახელებულია ჯურზანი (ქართველი) და სუღდაბილი (სოღდებილი), მტკვრის მარცხ. ნაპირზე მდებარე ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, თანამედროვე ავლაბარი. განსაკუთრებით საინტერესოა ი. რ-ს ცნობა მაღალ მთებს შორის ერთ-ერთი მთის მწვერვალზე მდებარე ციხის შესახებ. მისი გადმოცემით, ამ ციხეს, რ-საც ალანთა კარს (ბაბ ალან; დარიალი, დარიალანი) უწოდებენ, ყოველდღიურად ათასი კაცი იცავდა.

ლიტ.: Крачковский И. Ю., Избранные сочинения, т. 4, М.–Л., 1957; Сведения арабских писателей о Кавказе и Азербайджане, пер. и прим. Н. А. Караулова, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», СМОМПК, 1903, в. 32.

ო. ცქიტიშვილი