ივანე IV მრისხანე (25. VIII. 1530, სოფ. კოლომენსკოე, – 18. III. 1584, მოსკოვი), მოსკოვის დიდი მთავარი 1533-იდან, პირველი რუსი მეფე (1547-იდან) რიურიკოვიჩების დინასტიიდან.
თვითმპყრობელობის გაძლიერებისა და სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცების მიზნით გაატარა მთელი რიგი რეფორმები (1549–60). მის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კავკასიასთან (განსაკუთრებით ყაბარდოსთან) ურთიერთობას.
1557 მოსკოვში ჩასული ყაბარდოელი ელჩები რუს. მთავრობას მოახსენებდნენ, რომ მათთან ერთად „ერთი ფიცითა და პირობით არიან შეკრულნი ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა" და ქართველებიც ითხოვდნენ რუსეთის მფარველობასა და დახმარებას.
ი. IV-ის მეფობის დროს წამოიჭრა კახეთის საკითხი – 1563 კახეთის მეფე ლევანმა ელჩები გაგზავნა მასთან. რუსეთის მთავრობა დახმარებას შეჰპირდა ქართველ ელჩებს და გამოგზავნა რუსთა რაზმი. 1567 კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ი. IV-მ მდ-ების – თერგისა და სუნჯის შესართავთან ციხე ააგებინა.
თურქეთ-ყირიმის პროტესტის გამო კახეთის მეფე იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი. ამის შემდეგ რუსეთმა თერგის ციხე დაანგრია. ამრიგად, კახეთ-რუსეთის პოლიტ. ურთიერთობა ისევ შეწყდა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს. მიჯნაზე, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1944, ნაკვ. 1; ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ნ. ნაკაშიძე