ივანენკო დიმიტრი დიმიტრის ძე [16(29). VII. 1904, პოლტავა (უკრაინა), – 30. XII. 1994, მოსკოვი], რუსი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1931). დაამთავრა პოლტავის პედ. ინ-ტი (1923) და ლენინგრადის უნ-ტი (1927). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა უკრაინისა და რუსეთის სამეცნ. დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1943-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტის პროფესორი.
ი-ს მეცნ. ინტერესების სფერო უაღრესად ფართოა: ბირთვული ფიზიკა, გრავიტაცია, კოსმოლოგია, კლასიკური ელექტროდინამიკა და კვანტური ველების თეორია, ბიოლოგიური ფიზიკა (ცოცხალ ორგანიზმებზე ბირთვული გამოსხივების ზეგავლენა), ფიზიკის ისტორია და სხვ. გ. გამოვთან და ლ. ლანდაუსთან ერთად ი-მ განიხილა უნივერსალური მუდმივების თეორია (1928); ვ. ფოკთან ერთად აღწერა ფერმიონების მოძრაობა გრავიტაციულ ველში (1929; თანამედროვე მათ. თვალსაზრისით პირველი ყალიბრული მოდელი). 1930 ი-მ და ვ. ამბარცუმიანმა ივარაუდეს, რომ ბირთვში ელექტრონი არ არსებობს, ის ჩნდება ნეიტრონის ბეტა-დაშლის პროცესში. ექსპერ. მონაცემებზე დაყრდნობით ი-მ პირველმა გამოთქვა ვარაუდი ატომბირთვის პროტონ-ნეიტრონული აგებულების შესახებ (1932; ი-ს შრომაზე დაყრდნობით იგივე ვარაუდი შემდგომ გამოთქვა ვ. ჰაიზენბერგმაც). ი-ს ბირთვული ძალების მოდელი, რ-იც ითვალისწინებს მასიური ნაწილაკებით გაცვლას (1934, ი. ტამთან ერთად), იაპონელმა მეცნიერმა ხ. იუკავამ საფუძვლად დაუდო ბირთვული ძალების მეზონურ თეორიას.
1949 გამოიცა ი-ს „ველის კლასიკური თეორია", რ-შიც ჩამოყალიბებულია სინქროტრონული გამოსხივების თეორია (სტალინური პრემია, სხვებთან ერთად, 1950). 1964 დ. კურდღელაიძესთან ერთად ი-მ იწინასწარმეტყველა კვარკების დეკონფაინმენტის შესაძლებლობა; 1965 მათვე გამოთქვეს ჰიპოთეზა კვარკული ვარსკვლავების არსებობის შესახებ; 1983 ი-მ გ. სარდანაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გრავიტაციის ყალიბრული თეორია.
ი. ეწეოდა მრავალმხრივ მეცნ.-ორგანიზატორულ და მეცნ.-პედ. მოღვაწეობას. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია GR5 გრავიტაციასა და ფარდობითობის ზოგად თეორიაში (თბილისი, 1968). იყო სსრკში პირველი უცხოენოვანი სამეცნ. ჟურნ. „Physikalische Zeitschrift der Sowjetunion" დაარსების (1931) ინიციატორი.
ი-მ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში თეორ. ფიზიკის განვითარებაში. მის მოსწავლეთა შორის არიან ქართვ. მეცნიერები: დ. კურდღელაიძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, გ. სარდანაშვილი, ზ. ხუხუნაიშვილი, რ-თა სამეცნ. მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება ი-ს შემოქმედებას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: The neutron hypothesis, «Nature», vol. 129, 1932; The gauge treatment of gravity, «Physics Reports», 94, 1983 (თანაავტ. G. Sardanashvily).
ლიტ.: Дмитрий Дмитриевич Иваненко, «Новости науки», 2014, № 1; 110 лет со дня рождения Дмитрия Дмитриевича Иваненко, «Советский физик», 2014, № 6.