იველაშვილი თინათინ ვლადიმერის ასული (დ. 8. VIII. 1948, სოფ. სარო, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992).
1974 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1979–92 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1992-იდან იყო თსუ-ის მესხეთის ფილიალის პროფესორი, 1994–2005 – ისტორიის ფაკ-ტის დეკანი, 1995–2005 – ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. 2008-იდან არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი.
მისი კვლევის სფეროა ეთნოსოციალური, ეთნორელიგიური ურთიერთობები, რელიგ. კონფესიები, რელიგიური კონფლიქტები და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი და 10-ზე მეტი მონოგრაფია.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის მედლით (2015).
თხზ.: საქორწინო წეს-ჩვეულებები სამცხე-ჯავახეთში (XIX ს-ის II ნახ. – XX ს.), თბ., 1987; ქართული ტრადიციული სუფრა და თანამედროვეობა, თბ., 1988; სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თბ., 2005; ქალის უფლებრივ-ქონებრივი მდგომარეობა სამხრეთ საქართველოში, თბ., 2009; ეთნიკური უმცირესობები სამცხე-ჯავახეთში, თბ., 2015 (ქართ. და ინგლ. ენებზე); ქართველები, თბ., 2016 (თანაავტ.).