ითითალა, სოფელი საინგილოში (აზერბაიჯანის რესპ. ბელაქნის რ-ნი). ი. დააარსეს ალიაბადის მცხოვრებლებმა 1860–63. ახლად შერჩეულ მიწაზე დასახლება დაიწყეს ინგილოებმა და „ითითალა" დაარქვეს. უვარგისი მიწების გამო ზოგიერთი მოსახლე უკანვე დაბრუნდა ალიაბადში.
სტატისტ. ცნობის მიხედვით, 1872 ი-ში მხოლოდ 36 კომლი იყო, 1886 აღწერით – 68 (362 სული). 1980 მითითებულია 1370 სული, ხოლო ბოლო დროის მონაცემებით ითვლიან 700 კომლს. ცხოვრობენ მაჰმადიანი ინგილოები, სუნიტები.
სოფელში მცხოვრები საგვარეულოებიდან აღსანიშნავია: ზუბეილანები (ზუბეიშვილი), თარავალანები (თარვალიშვილი), კაწანები (კაწაშვილი), მატონები (მატოშვილი), ჯინდრიანები (ჯინდრიშვილი), შაპანები (შაპაშვილი) და სხვ.
ალიაბადელების მიერ სხვადასხვა ადგილას დაარსებულ დასახლებებს შორის ი. ბელაქნის რ-ნში ერთადერთია, რ-მაც დღემდე შეინარჩუნა ქართ. ენა და ქართ. სკოლა.
ისტ. ძეგლებიდან ყურადსაღებია თამარის ციხე – „ფერი ყალა", რ-იც მდებარეობს ბელაქნის რ-ნში, ლაგოდეხ–შაქის მთავარი გზიდან დაახლ. 4–5 კმ-ის დაშორებით მდ. ბელაქნისწყლის ხეობაში. ბელაქნის ჩრდ-ით, მაღალი მთის კალთაზე უძველესი ნაგებობის ნანგრევებია, რ-საც „წერეთელ თახთს" (წერეთლის ტახტი) ეძახიან.
ლიტ.: ა დ ა მ ი ა ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება (საინგილო), თბ., 1979; ბ უ რ ჯ ა ე ვ ი თ. და სხვ., ინგილოდ წოდებულ ქართველთა ტრაგედია, თბ., 2001; ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი მ., საინგილო, თბ., 1910 (კანზე – 1913).
ა. ასრათოვი (ომარაშვილი)