ილორობა, წმინდა გიორგის დღესასწაული. იმართებოდა 20 ნოემბერს სოფ. ილორში (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), წმ. გიორგის ეკლესიაში (XI ს.).
XVII– XVIII სს. მონაცემებით, დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი სამღვდელოებისა და დიდებულების თანხლებით შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს, მის შემოგარენს და შესასვლელს საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა. მეორე დილით, ისევ მხლებლების თანხლებით, მთავარი თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეზოში ხვდებოდა ხარი (ხალხური წარმოდგენით წმ. გიორგის სახ. ცხოველი), რ-იც თითქოს ღამით სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და ხორცის ნაჭრებს მლოცველებს ურიგებდნენ. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ როგორც ბოროტისა და ავი სენისაგან დამცველს. ხორცის უმეტესი ნაწილი რქებითურთ ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა, ნაწილი იმერეთის მეფეს და გურიის მთავარსაც ეგზავნებოდა. გადმოცემით, ძველად ხარის მაგივრად ტაძარში შემოდიოდა სამსხვერპლო ირემი.
ილორის წმ. გიორგისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული იყო მთელ დას. საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებში. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე ი. გარკვეული სახეცვლილებით იმართება.
წყარო: არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თარგმ. იტალიურიდან ა. ჭყონიასი, თბ., 1938; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, თბ., 1975.
ლიტ.: Д ж а н а ш и а Н. С., Статьи по этнографии Абхазии, Сух., 1960.
ი. სურგულაძე