ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა, კარსტული უფსკრული გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ბზიფის კირქვული მასივის ე. წ. „გამყოფ შტოქედზე", ზ. დ. 1960– 2000–2390 მ-ზე. მორფომეტრიული მონაცემებით შედის საქართვ. 1000 მ-ზე ღრმა კარსტული უფსკრულების პირველ ათეულში.
გამომუშავებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის კირქვების, გადოლომიტებული კირქვებისა და შეცემენტებული კონგლომერატების წყებებში. მღვიმური სისტემის ჯამური სიღრმეა 1753 მ, სიგრძე 24080 მ, ფსკერის ფართ. 150000 მ², საერთო მოცულობა 2000000 მ³.
თოვლიანი უფსკრულის ძირითადი მაგისტრალი ხუთი დიდი გალერეისგან შედგება, რ-ებიც, თავის მხრივ, რიგ განშტოებებს შეიცავს. მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს წარმოადგენს ზედაპირიდან 1300 მ სიღრმეზე მდებარე „იქს" დარბაზი, რ-ის სიგრძეა 220 მ, სიგანე 70 მ, ხოლო სიმაღლე 50 მ აღემატება.
მეჟენის უფსკრული შედგება მკვეთრად გამოხატული ვერტ. და ჰორიზ. ნაწილებისგან, რ-ებიც ერთმანეთს მოკლე დერეფნებით უკავშირდება. თოვლიანი და მეჟენის უფსკრულები ერთმანეთს ჩასასვლელიდან 630 მ სიღრმეზე უერთდება, 410 მ-ით მაღლა მდებარე უფსკრული „ი ლ უ ზ ი ა " თოვლიან-მეჟენს შეუერთდა, რითაც მღვიმური სისტემის ჯამურმა სიღრმემ 1753 მ შეადგინა და მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
მღვიმურ სისტემაში არის ნაირგვარი სტალაქტიტ-სტალაგმიტები, ტრავერტინები, ჰელიქტიტები, მღვიმური თოვლი. მიწისქვეშა მყინვარის ფართ. 6000 მ² აღწევს. სისტემაში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი მრავალრიცხოვანი შენაკადებით, რ-თაც დონეების ძლიერი რყევა ახასიათებთ. სხვადასხვა მონაკვეთებში ბინადრობენ ობობები, მრავალფეხიანები და სხვ.
მღვიმური სისტემა აღმოჩენილია მოსკ. სახელმწ. უნ-ტის სპელეორაზმის მიერ 1971. შესწავლასა და გამოკვლევაში სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ რუს. და ევრ. გამოცდილი სპელეორაზმები.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.